"The Rolling Stones”-მა ოლიმპიადაზე მონაწილეობა იუარა

ორი დღის წინ ბრიტანულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ჯგუფი “The Rolling Stones”-ის ლიდერმა მიკ ჯაგერმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

 

მუსიკოსის ინფორმაციით, მის ჯგუფს ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიუღია. ამის მიუხედავად მას და მის კოლეგებს ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ სურთ.

 

მიკ ჯაგერი ამ სახის კონცერტებს მეტად სკეპტიკურად უყურებს.

 

“ცოტა ხნის წინ ბრაიან ადამსთან ვისაუბრე. მას მწარე მოგონებად აქვს დარჩენილი ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა. კანადაში ძლიერი სიცივე იყო. ამის მიუხედავად ბრაიანი სცენაზე სულელური  თხელი კოსტიუმით გამოჩნდა და გამოსვლის შემდეგ ავად გახდა. რასაკვირველია ლონდონის თამაშები ზაფხულშია დაგეგმილი, მაგრამ ამ პერიოდში ბრიტანეთის დედაქალაქში ძლიერი წვიმები იცის. არანაირი სურვილი არ გამაჩნია, რომ ოლიმპიური იდეალების გამო დავსველდე და საკუთარი ჯანმრთელობა ეჭვის ქვეშ დავაყენო” – განაცხადა მიკ ჯაგერმა.

 

მუსიკოსმა პეკინის ოლიმპიური თამაშების დახურვის ღონისძიებაც სასტიკად გააკრიტიკა.

 

“ პეკინის თამაშების დახურვაზე “Led Zeppelin”-ის წევრი ჯიმი პეიჯი გამოვიდა. გამოსვლის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა სცენას ორსართულიანი ლონდონური ავტობუსი მიაყენეს და ჯიმიმაც სტადიონი ამ ავტობუსის სახურავზე დატოვა. ვის მოუვიდა თავში ამნაირი უნიჭო სპექტაკლის დადგმა ნამდვილად არ ვიცი.”

 

2012 წელს ჯგუფ “The Rolling Stones”-ს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. მუსიკოსებს ამ საიუბილეო თარიღის შესაბამისად აღნიშვნა გადაწყვეტილი აქვთ. ისინი ან მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებიან, ან კი ერთ დიდ კონცერტს ჩაატარებენ.

 

მიკ ჯაგერი მესამე მუსიკოსია რომელმაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების კულტურულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ანალოგიური განცხადება სერ პოლ მაკარტნიმ გააკეთა. შემდეგი რინგო სტარი აღმოჩნდა, რომელმაც

“Sky News"-ის ჟურნალისტს  განუცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების დღეებში მას აშშ-ში საკონცერტო ტურნე აქვს დაგეგმილი.

 

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება.

 

უკვე ცნობილია, რომ მის გახსნა-დახურვის ცერემონიალში მონაწილეობას შემდეგი მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ: “Spice Girls”, “Girls Aloud”, “Coldplay” და “Muse”.