ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა

ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა

საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის ცნობით, ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში 10:30 საათისთვის საკმაოდ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დარღვევები დაფიქსირდა 22-ე საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1367 ამომრჩეველი, უბანზე კი შევიდა მხოლოდ 1250 ბიულეტენი.

მათივე ცნობით, კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა ვიდეოგადაღებას და ოპერატორს გარეთ გაგდებით ემუქრებოდა.

„კომისიის თავმჯდომარე უმტკიცებდა ოპერატორს, რომ მას მხოლოდ ბიულეტენის ურნაში ჩაგდების გადაღების უფლება აქვს და არ აქვს უფლება ამომრჩევლის სახე გადაიღოს ანუ გადაღება ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხდესო. 29-ე საარჩევნო უბანზე სამარშრუტო ტაქსით მიიყვანეს ამომრჩევლები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საარჩევნო ატრიბუტიკით, რაც ვიდეოფირზე იქნა გადაღებული. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსის ნომერი ჟFჟ272. დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნების პროცესი მე-15 საარჩევნო უბანზეც.

 კოალიცია "ქართული ოცნების" დამკვირვებლების ინფორმაციით, მარკირებამდე ამომრჩეველს "ვაზელინს" უსმევენ თითზე, რის შედეგადაც მარკირების გავლის შემდეგ ამომრჩეველს  მარკირების სითხე იოლად ეცლება. ეს კი, თავის მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელს უწყობს ე.წ. კარუსელების დარტიალებაში.  ამ დარღვევასთან დაკავშირებით კოალიცია "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა საჩივარი დაწერა.

 მე-7 უბანზე დაფიქსირდა, რომ საარჩევნო ბიულეტენში, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის არ იყო დაფიქსირებული ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". აღნიშნული დარღვევა კოალიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს და დროული რეაგირების შედეგად ეს პრობლემა მოგვარდა. 11:30 საათისთვის 32-ე უბანზე შეჩერდა კენჭისყრა.

მიზეზი მარკირების პრობლემა გახდა. კოალიცია "ქართული ოცნების" კომისიის წევრის ინფორმაციით, მარკირების სითხე უვარგისია. კენჭისყრა გაგრძელდება მარკირების სითხის შეცვლის შემდეგ. როგორც 32-ე უბანზე მყოფი დამკვირვებლები იტყობინებიან, უხარისხო მარკირების სითხე იოლად სცილდება, რაც ამომრჩეველს  შესაძლებლობას აძლევს, ე.წ. კარუსელის შემთხევაში, სასურველ პოლიტიკურ ძალას ხმა ხელახლა მისცეს", - აცხადებენ ბესელიას შტაბში.