ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ჯგუფი “Guns'n'Roses”-ის ყოფილი გიტარისტი სლეში (ნამდვილი სახელი – სოლ ჰადსონი) უახლოეს მომავალში ახალ ალბომს გამოუშვებს. მისი სახელწოდებაა “Made In Stoke. 24/7/11”.
მიმდინარე წლის 24 ივლისს მუსიკოსმა მშობლიურ ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტში კონცერტი ჩაატარა და ახალი ჩანაწერიც ამ გამოსვლას ეხება. ეს ალბომი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 14 ნოემბერს იხილავს. ის ორი CD დისკის სახით გამოვა. მას დამატებული ექნება სპეციალური DVD, რომელზეც სლეშის დღემდე უცნობი ხუთი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
სტოკ-ონ-ტრენტში ჩატარებული კონცერტის მიმდინარეობისას მუსიკოსმა შეასრულა თავისი ყოფილი ჯგუფების “Guns'n'Roses”-ისა და “Velvet REvolver”-ის რეპერტუარში შესული ცნობილი კომპოზიციები, ასევე კომპოზიციები სლეშის 2010 წლის მარტში გამოსული პირველი სოლო ალბომიდან “Slash”.
საინტერესოა, რომ მუსიკოსმა რიგით მეორე სოლო ჩანაწერზე მუშაობა უკვე დაიწყო. მას ჯგუფი “Alter Bridge”-ს ვოკალისტი მაილზ კენედი ეხმარება.
ალბომში “Made In Stoke. 24/7/11” შემდეგი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.
1. Been There Lately
2. Nightrain
3. Ghost
4. Mean Bone
5. Back From Cal
6. Rocket Queen
7. Civil War
8. Nothing To Say
9. Starlight
10. Promise
11. Doctor Alibi
12. Speed Parade
13. Watch This
14. Beggars $ Hangers-On
15. Patience
16. Godfather Theme
17. Sweet Child O'Mine
18. Slither
19. By The Sword
20. Mr. Brownstone
21. Paradise City