პროკურატურა  საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციის თარგმანს ავრცელებს

პროკურატურა საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციის თარგმანს ავრცელებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თარგმანი გაავრცელა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ყოფილი ქართველი მინისტრისა და ე.წ. „კანონიერი ქურდების შეხვედრა საფრანგეთში.

ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი მიზანი: ჩვენი უწყება სახელმწიფო ჟანდარმერიას ეკუთვნის (თავდაცვის სამინისტრო), თუმცა ბრძანებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებს. ჩვენ კავშირი არ გვაქვს სახელმწიფო პოლიციასთან. სასამართლო გამოძიებას ვაწარმოებთ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიმართ, მათ შორის კანონიერი ქურდებისა და სხვა მაფიოზური ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენი უწყება უკვე 5 წელია, რაც მონიტორინგს უწევს საფრანგეთში მოქმედ „კანონიერ ქურდებს“. მათ შესახებ ძალიან კარგი ცოდნა მივიღეთ და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საკმაოდ მყარი და ძლიერი ქსელი ჩამოვაყალიბეთ. აღნიშნულ უწყებებთან ახლო ურთიერთობა და სრული ნდობა გვაქვს. აქტიურად ვმონაწილეობთ ინტერპოლის „მილენიუმის“ პროექტში და ზემოხსენებულ პროექტს ვახორციელებთ საფრანგეთის შესაბამისი უწყებებისათვის ცნობილი მონაცემებით. ახლახანს საფრანგეთში ფართომასშტაბიანი სასამართლო პროცედურები ჩატარდა „კანონიერი ქურდების“ („იავა“ ძმები შუშანაშვილების) და „კავკასია“ (ლორთქიფანიძის)  წინააღმდეგ. ამჟამად გამოძიებას ვაწარმოებთ საფრანგეთში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტზე, ჩადენილი კანონიერი ქურდების მიერ, რომლებიც ევროპის მაშტაბით მოქმედებენ. ჩვენი მიზანია, "კანონიერი ქურდებისგან" და მათი მიმდევრებისგან მომავალი საფრთხე ავარიდოთ საფრანგეთს და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს. ამდენად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გვინდა, ძლიერი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ დავამარცხოთ მსგავსი ორგანიზაციები და ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ. სურვილი გვაქვს, საქართველოს შესაბამის ორგანოებს დავეხმაროთ ე.წ. „ორგანიზებულ დანაშაულთან“ და „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებული ყველა პირის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც  მოქმედებენ დამნაშავეებთან ერთად.   

მტკიცებულებები: 2011 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით  „კანონიერ ქურდ“ რევაზ ლორთქიფანიძისა და მისი მიმდევრების მიმართ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცედურები. ლორთქიფანიძე დაკავებულ იქნა საფრანგეთში 2011 წლის თებერვალში, ხოლო  გათავისუფლების შემდეგ (2011 წლის სექტემბერში) დასახლდა სამხრეთ საფრანგეთში და განაახლა კრიმინალური საქმიანობა. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ხორციელდებოდა სატელეფონო საუბრების მონიტორინგი, ასევე რევაზ ლორთქიფანიძის სახლთან დამონტაჟებულ იქნა ფარული ვიდეო კამერა. 2011 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა, ქართულ ენაზე განახორციელა სატელეფონო საუბარი რევაზ ლორთქიფანიძესთან. დაუდგენელი პირი იყო სახელად „გოგი“, იგი ითხოვდა შეხვედრას ლორთქიფანიძესთან. საბოლოოდ, შეთანხმდნენ შეხვედრაზე ლორთქიფანიძის სახლში. "გოგი" მივიდა ლორთქიფანიძის სახლში 9 ნოემბერს. იმავე დღეს, რამდენიმე უცხო ადამიანი შეიკრიბა ლორთქიფანიძის სახლში. შეხვედრა ჩაწერილია ფარულ კამერაზე (ხმის ჩაწერა ვერ მოხერხდა). შეხვედრა ყველა მონაწილემ დატოვა იმავე ღამეს, ხოლო „გოგიმ“ შეხვედრის ადგილი დატოვა 2011 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას.

მტკიცებულებები: 2011 წლის 18 ნოემბერს, სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა მასშტაბური ოპერაცია პოლიციის მიერ, დაკავებულ იქნა 23 პირი (უმრავლესობა მათგან ქართული და სომხური წარმომავლობის). დაკავებულთა შორის იყო რევაზ ლორთქიფანიძე, როგორც ყოველთვის, ვერანაირი ჩვენება ვერ იქნა მიღებული მისგან. ლორთქიფანიძის პირადი მცველი, ჩეჩნური წარმომავლობის მურად იდიგოვი ფლობდა არაერთ ფოტოს თავის კუთვნილ მობილურ ტელეფონში (მათ შორის რამდენიმე ფოტო "გოგისთან" ერთად).

შეხვედრაში მონაწილე „კანონიერი ქურდები“: რევაზ ლორთქიფანიძე, არტურ იუსბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჯინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე და სულხან თვალჭერელიძე.

„გოგი“-ს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:

გიორგი ხაინდრავა, ყოფილი ქართველი მინისტრი, რეჟისორი.

საფრანგეთში ჩამოვიდა 4 ნოემბერს, თავისი ბოლო ნამუშევრის (ფილმის) პრეზენტაციისთვის, შემდგომში გაემგზავრა სამხრეთ საფრანგეთში ლორთქიფანიძესთან შესახვედრად. იგი მონაწილეობდა ლორთქიფანიძის ბინაში 9 ნოემბერს "კანონიერი ქურდების" შეკრებაში. საფრანგეთი დატოვა 11 ნოემბერს და გაემგზავრა საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დაამყარა ახლო ურთიერთობა "კანონიერ ქურდებთან", რომლებსაც შესწევთ უნარი, აღმოუჩინონ სათანადო დახმარება არსებული ხელისუფლების დამხობის მიზნით. ცნობილია, რომ "კანონიერ ქურდებს", როდესაც საჭიროა, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ყოფილი „მხედრიონის“ მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფებები. მათ შეიძლება, გააჩნდეთ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა. დახმარების სანაცვლოდ, "კანონიერ ქურდებს" "ახალი რეჟიმისგან" მიეცემათ საქართველოში წარსულში არსებული სტატუსისა და ზეგავლენის აღდგენის შესაძლებლობა. აშკარაა, რომ „კანონიერი ქურდებს“, მიუხედავად იმისა, დაკავშირებული არიან ტარიელ ონიანთან თუ ასლან უსოიანთან, შესწევთ უნარი, დაივიწყონ მტრობა საერთო მიზნის მისაღწევად.

ინფორმაციის დამატებითი დეტალები: 2011 წლის 9 ნოემბერს, კრესელში, ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლში შედგა შეხვედრა, რომელსაც ლორთქიფანიძის გარდა ესწრებოდა ქართველი კრიმინალი, ე.წ. თბილისის კლანის წარმომადგენელი ზაზა პაიჭაძე და ყოფილი ქართველი მინისტრი (ტექსტში წერია შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მინისტრი) და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა. ფრანგი სამართალდამცავები, კერძოდ ეროვნული ჟანდარმერია, რომლის გამოძიების ფარგლებშიც იქნა მოპოვებული ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ შეხვედრის შესახებ, დაასკვნის, რომ გოგა ხაინდრავამ შეხვედრაზე მოითხოვა კანონიერი ქურდების დახმარება საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. კანონიერი ქურდების გავლენის, ფინანსური და შესაძლო შეიარაღებული  დახმარების სანაცვლოდ, ხაინდრავამ მათ აღუთქვა საქართველოში დაბრუნება და გავლენის აღდგენა. ჟანდარმერიისათვის ცნობილია, რომ ხაინდრავა და სხვა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ერთი ლოზუნგის ქვეშ რათა არჩევნებში დაამარცხო დღევანდელი ხელისუფლება. კანონიერი ქურდების დახმარება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: 1) მათ შეუძლიათ „დაარწმუნონ“/ზეწოლა მოახდინონ ქართულ დიასპორაზე, რათა მათ არჩევნებში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ; 2) ადამიანური რესურსითა და შეიარაღებით დაეხმარონ ოპოზიციას საქართველოში სახელწიფო გადატრიალების - coup detat - მოწყობაში იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.  

დასკვნა ზემოხსენებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ გამოყენებულა საფრანგეთში, ვინაიდან შემხებლობაში არაა საფრანგეთში მიმდინარე გამოძიებასთან. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, რათა აღკვეთონ შეთქმულება არსებული ხელისუფლებისა და დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ. სატელეფონო საუბრების სრული მონიტორინგი ხელმისაწვდომი შესაძლოა, გახდეს საქართველოს მოსამართლისათვის (მოგაწვდით ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რაც საჭიროა აღნიშნული საკითხის გამოსაძიებლად). ჩვენ ასევე გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არის ბოლომდე გაანალიზებული, მაგრამ ცხადია, რომ მათი შინაარსი მითითებული ინფორმაციის იდენტური მნიშვნელობისაა. ახალი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შესაბამის ორგანოებს იმავე გზით (იგულისხმება შუამდგომლობა).