ეკა ბესელია: ივანიშვილს „თავისუფალი საქართველოსთვის“ არასოდეს ბრალად არ დაუდია, რომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება

ეკა ბესელია: ივანიშვილს „თავისუფალი საქართველოსთვის“ არასოდეს ბრალად არ დაუდია, რომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება

„ნამდვილად არ ვთვლი, რომ კახა კუკავა და მისი პარტია ხელისუფლებასთან რაიმე კავშირშია და მათ ინტერესებს ემსახურება“, - ეს განცხადება კოლიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ეკა ბესელიამ დღეს For.ge-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბესელია მიესალმება პარტიის მიერ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოხსნას და აცხადებს, რომ ეს „თავისუფალი საქართველოს“ აბსოლუტურად სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება იყო.

ბესელიას განმარტებით, კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არა აერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია სატელიტი, ფსევდოოპოზიციის მიმართ და განუცხადებია, რომ ისინი მართლაც ემსახურებიან ხელისუფლების ინტერესებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება კუკავას პარტიის მისამართით არასოდეს გაკეთებულა.

„მე ვფიქრობ, რომ განცხადება სწორად უნდა იყოს გაგებული და არასწორი ინტერპრეტაცია არ უნდა მიეცეს. ბიძინა ივანიშვილს „თავისუფალი საქართველოსთვის“ არასოდეს ბრალად არ დაუდია, რომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. მით უფრო მაშინ, როცა პარტიამ ჩვენს სასარგებლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოხსნა. მე ვფიქრობ, ეს განცხადება კიდევ დაზუსტდება“, - დასძინა მან.

ბესელიას თქმითვე, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის შემდეგ ის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი გახდა, რომელმაც მის ირგვლივ  ყველა ჯანსაღ ძალას აერთიანებს. ამიტომ ყველა თავისუფალ სუბიექტს, რომელიც „სააკაშვილის რეჟიმს მხარში არ უდგას“, 29 სექტემბერს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დიდი ერთიანობისკენ მივდივართ. ეხლა ძალიან ახლოს ვართ იმ ეტაპამდე, როცა მოხდება ძალების გაერთიანება. ეს ჯერ 29 სექტემბერი იქნება, შემდეგ 1 ოქტომბერი. ამ დღეებში საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება. შეიძლება ფორმა იყოს განსხვავებული, მაგრამ ის რომ ყველანი ერთად დავდგებით მე ამაში ეჭვი არ მეპარება“, - დასძინა ბესელიამ.