ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, პოლიციამ „ქართული ოცნების“ 60-ზე მეტი მხადამჭერი და წევრი დააკავა.
შესაბამისად სუბარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სამი დღეა არჩევნებზე უარი თქვა და ფაქტიურად ომზე გადავიდა.
მისი თქმით, დაკავებულები ძირთადად საუბნო კომისიის წევრები არიან.
„ყველგან ერთი და იგივე ბრალდებაა. ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ზოგიერთ უბანზე კომისიის ორი-სამი წევრია დაჭერილი. ვიცით, რომ ამ დროისთვის კომისიის წევრების შეცვლა შეუძლებელია ამიტომ მათ სურთ, რომ კომისიის წევრების გარეშე დავრჩეთ. ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ ზონდერებისგან დაპატიმრებების გარდა, ცემის ფაქტებიც ფიქსირდება. გუშინ გორში ნიღბიანმა ადამიანებმა „გალფის“ ავტოგასამრთ სადგურთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გიორგი ხახაშვილი და ლადო სუჯაშვილი სცემეს“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან რეზო და ვანო კალომლეწავებს პირდაპირი კავშირი აქვთ.
სუბარის თქმით, ვანო კალომლეწავი ყოფილი პოლიციელია. ხოლო რეზო პოლკოვნიკია.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ცემის დროს მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი ნიღბებში იყვნენ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეში მათ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.
მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხადამჭერებზე განხორციელებული დევნის ფაქტებზე ინფორმაცია უწყებათაშორის კომისიას გადაეგზავნა, ხოლო კალომლეწავების საქმის გამოძიება გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა.