საფრანგეთის ჟანდარმერიის დახმარება პროკურატურას

საფრანგეთის ჟანდარმერიის დახმარება პროკურატურას

საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღეს,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც  ის ინფორმაცია გაასაჯაროა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიამ მიაწოდა.

ზოდელავას განცხადებით, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და  საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც  საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების  გამოწვევას   ისახავს მიზნად.

„რამდენიმე კვირის წინ,  ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და  საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების  გამოწვევას,  კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას“, - განაცხადა ზოდელავამ.


ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის  ზუსტ თარგმანს.

 მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები  ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებენ.