საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, მისივე ბრძანებით განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ცოცხალი თავით კომენტარს არ აკეთებს და არ ამბობს რეალურად რა ხდება ამ სისტემაში. პრესა.გე–სთან საუბრისას, ამავე უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა სუხიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები გაგრძელდება და სხვებსაც შეიძლება შეეხოთ;
ა/ო ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ ეს ცვლილებები შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია, რითაც ამ ეტაპზე, ციხეთა სისტემაში კვლავ ახალაიების კლანი დაწინაურდა; სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ იმ ციხეების დირექტორების გათავისუფლება, სადაც პატიმართა ცემა-წამება ხდებოდა, ერთ-ერთი სერიოზული პრევენციული ზომაა, იმისთვის, რომ სხვა საპატიმრო დაწესებულებების დირექტორებმა მსგავსი ვეღარ გაბედონ.
სააგენტო “პირველმა“, გელა ნიკოლაიშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 აგვისტოს გაათავისუფლეს: გლდანის მერვე საპყრობილეს დირექტორი თამაზ მელაძე, სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გიორგი ბუთლიაშვილი, ქსნის დაწესებულების დირექტორი არაქელოვი და რუსთავის N1 მკაცრი რეჟიმის კოლონიის ხელმძღვანელი გოგა კიკნაველიძე.
ეს ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დაადასტურა, მაგრამ არ განმარტა რამ განაპირობა ცვლილებები, რომელიც სწორედ იმ დაწესებულებების დირექტორებს შეეხოთ, რომელთა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესახებ არაერთხელ საჯაროდ განუცხადებიათ: სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს; გლდანის №8 საპყრობილეში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ადვოკატებს - ქეთი ბექაურსა და გელა ნიკოლაიშვილს და ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” პრეზიდენტს მარიამ ჯიშკარიანს.
”ის, თუ რით იხელმძღვანელმა მინისტრმა, ეს უკვე მისი საქმეა. საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივ განახორციელა. ალბათ, ეს ემსახურება, ისევ და ისევ უკეთესი კადრების შერჩევას“, - ამბობს პრესა.გე-სთვის მოცემულ კომენტარში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა გვაცნობა, ”უკეთესი კადრების შერჩევის” ერთ-ერთი მაგალითი უკვე სახეზეა - 6 აგვისტოს, როცა ზემოხსენებული 4 პირი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გლდანის N8 დაწესებულების და ამავე ტერიტორიაზე არსებული ციხის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნეს ალექსანდრე მუხაძე, ბაჩო ახალაიას ძველი “თანამებრძოლი“.
“სანამ ახალაიას თავდაცვის მინისტრად გადაიყვანდნენ, მუხაძე იყო ე.წ. რეზბალნიცის, იგივე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი. ახალაიამ ამ სისტემიდან თავდაცვაში, რომ გადაინაცვლა, მუხაძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორად დანიშნა. ახლა ეს კაცი დააბრუნეს და თან ერთდოულად ორი დაწესებულების ხელმძღვანელობა ჩააბარეს“, – ამბობს ნიკოლაიშვილი და იქვე დირექტორების გათავისუფლების ვერსიებზე მსჯელობისას ასეთ განცხადებას აკეთებს:
“ვიღაც–ვიღაცეებმა ისიც მითხრეს, რომ ბუთლიაშვილის და მელაძის გათავისუფლება ცოტნე გამსახურდიას მოპყრობებთანაა დაკავშირებული და ჩემი და ქეთი ბექაურის ხმაურის შედეგია, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთ ხმაურებზე არ რეაგირებს.
განხორციელებული ცვლილებები შიდა დაპირისპირებების შედეგია; ოღონდ, არა მგონია თვითონ ხათუნა კალმახელიძე რამეს წარმოადგენდეს; ის უბრალოდ, ბუტაფორიაა. იქ შიგნით ვინ ვის უპირსპირდება, მათ კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი ვიცი - ბაჩო ახალაიას კადრი, ახალგაზრდა კაცი, ალექსანდრე მუხაძე, მართალია ამ სისტემაში გამოცდილი, მაგრამ უკვე თავდაცვის სამინისტროში გადასული, უკან დააბრუნეს და თან, არა ერთი, არამედ, ორი დაწესებულების დირექტორობა ერთდროულად დაავალეს.
ვნახოთ, დანარჩენ ორ ადგილას ვის დანიშნავენ. როგორც ამბობენ, რაღაც ცვლილებები კიდევ იქნება. არ გამოვცრიცხავ, რომ გათავისუფლებული პიროვნებები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მხილებულები არიან პატიმრების აი, ასეთ ცემა–წამებაში, არა თუ სისტემიდან გაუშვან, არამედ დააწინაურონ - დეპარტამენტში, ან სამინისტროში გადაიყვანონ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჩემს მოსაზრებას, რომ არაფერ შუაში არ არის, არც სახალხო დამცველის მოხსენება, არც მათი მამხილებელი, საჯარო გამოსვლები, როგორც ჩვენი, ისე სხვების მხრიდან”.
სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, პრესა.გე-სთან საუბრისას ამბობს, რომ ზემოხსენებული დირექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ სახალხო დამცველის მხრიდან, ძალიან ხშირად ხდებოდა ძიების დაწყების მოთხოვნის გაგზავნა პროკურატურაში - ”პირდაპირ მივუთითებდით სხვადასხვა უფლებადარღვევებზე. განსაკუთრებით საუბარი იყო ამ დაწესებულებებზე. ბოლო დროს, გამოვყოფდი სამკურნალო დაწესებულებას და ქსნის დაწესებულებას”.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ თუ პატიმრების მაწამებელი დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყეს, მაშინ ამ ფაქტს საფიაროდაც გამოიყენებენ და დადასტურდება, რომ გათავისუფლების მიზეზი საჯარო, მამხილებელი განცხადებები და სახალხო დამცველის მოხსენებებში მათი მოხვედრაა - ”არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო მგონია. ღმერთმა ქნას, ჩემი ვარაუდი, კლანური დაპირისპირების შესახებ იყოს მცდარი და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ”.
სახალხო დამცველს გათავისუფლებული დირექტორების შესახებ ამბობს:
”მათგან სამი (მელაძე, ბუთლიაშვილი, არაქელოვი) იყო საკმაოდ პრობლემური დაწესებულების ხელმძღვანელი - ბოლო 6 თვის განმავლობაში, ჩემი მხრიდან არაერთი რეკომენდაცია იყო გაკეთებული, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამო. ეს ეხებოდა როგორც ცემას, ასევე სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას. როდესაც პროკურატურას მასალები გადავუგზავნე და ძიების დაწყებას ვითხოვდი, რამდენიმე ინცინდენტში უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელობა ფიგურირებდა, მათ შორის დირექტორი და მოადგილეები”.
ზემოხსენებული ოთხი გათავისუფლებული დირექტორიდან, ერთ-ერთი, გიორგი ბუთლიაშვილი ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოხსენებებშიც არაერთხელ მოხვედრილა და მისი საქმიანობის ირგვლივ, არაერთი საჯარო განცხადება გაკეთებულა - 2006 წელს, მაშინ, როცა ბუთლიაშვილი ე.წ. რეზბალნიცის დირექტორის მოადგილე იყო, უშუალოდ თავად სცემდა და აწამებდა პატიმრებს. ეს პროცესი სახალხო დამცველის ოფისში გამართულმა ბრიფინგებმა, სააკაშვილის სახელზე გაგზავნილმა განცხადებებმა, არაერთმა საგაზეთო პუბლიკაციამ, რომ ვერ შეწყვიტა, რასაც ჩვენი კოლეგები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც კი გამოეხმაურნენ, საქმეში ჩაერივნენ: ეუთო, აშშ-ს საელჩო, საფრანგეთის საელჩო, ევროსაბჭოს წარმომადგენლობა, რამაც კონკრეტული პატიმრების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ამგვარი აჟიოტაჟი მაინც ვერ გახდა იმის საფუძველი, რომ ბუთლიაშვილი და მასთან ერთად, სხვა დამნაშევეები დაესაჯათ.
ცნობისათვის, მაშინ ამჟამინდელი სახალხო დამცველი ეუთო-ს წარმომადგენლობაში მუშაობდა და ალბათ, 4 წლის წინანდელი ამბავი კარგად ახსოვს და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მაშინ ე.წ. რეზბალნიცის დირექტორი ის ალექსანდრე მუხაძე გახლდათ, რომელიც ახლა გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ციხის სამკურნალო დაწესებულების და №8 საპყრობილის დირექტორად დანიშნეს. 4 წლის წინ უშუალოდ მუხაძე არ ღებულობდა პატიმართა ცემა-წამებაში მონაწილეობას, მაგრამ კონკრეტული წამების ფაქტები, სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს ხორციელდებოდა.