სასამართლომ აქციაზე გუშინ დაკავებულ 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ აქციაზე გუშინ დაკავებულ 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ფილარმონიასთან გუშინ გამართული აქციის დროს დაკავებულ ოთხ პირს საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულ ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40-დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

მათი იფორმაციით,  ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც BMW-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.

„ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ისინი „Chevrolet" მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოში“, - ნათქვამია განაცხადებაში.