ლანა ღოღობერიძე ყოფილი დიპლომატების მიმართვას უერთდება

ლანა ღოღობერიძე ყოფილი დიპლომატების მიმართვას უერთდება

ყოფილი დიპლომატების მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროს აპატარის თანამშრომლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისადმი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე შეუერთდა.

ცნობისთვის, ყოფილი დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროს აპატარის თანამშრომლებს და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებს საგანგებო მიმართვას უგზავნიან, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„პატივცემულო კოლეგებო! ვფიქრობთ,  ბევრ ანალიზს არ საჭიროებს ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება, რაც კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი თანამოქალაქეების წამებისა და შეურაცხყოფის თავზარდამცემმა კადრებმა. ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ ვართ ღირსებაშელახული მოძალადე ხელისუფლებისგან. ამ განუკითხაობას ბოლო უნდა მოეღოს და ყველა მოძალადე სათანადოდ დაისაჯოს. ფაქტობრივად გამოჩნდა დღევანდელი რეჟიმის დანაშაულებრივი სახე.

სამწუხაროდ, მეორედ გვიხდება ღია წერილით თქვენდამი მომართვა, რაც ნამდვილად არ გვიქმნის კომფორტს ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობის ფორმის მხრივ, მაგრამ ვალდებულად ვთვლით თავს, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს არა ცალკეული პოლიტიკური, მათ შორის მმართველი მხარის ინტერესების გამტარებელი, არამედ, უპირველეს ყოვლისა,ქვეყნის ინტერესების დამცველი. მით უმეტეს, რომ საუბარია ისეთ მოძალადე რეჟიმზე, რომელმაც არა მხოლოდ თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუზღუდა ჩვენს მოქალაქეებს, არამედ მათი პირადი ღირსება და სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კოლეგებო, არსებული ხელისუფლების მოძალადე ბუნების გამოვლენილი ფაქტები საკმარისზე მეტია: უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, 7 ნოემბერი, 15 ივნისი, 26 მაისი და ა.შ. გუშინდელი კადრები კი ამ ყველაფრის კულმინაცია გახლდათ. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, საჯარო სამსახურში მყოფმა პირებმაც შეაფასონ არსებული ვითარება და არა მხოლოდ ღირსეული, არამედ სახელმწიფოებრივი ნაბიჯიც გადადგან. დადგა დრო, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ, არჩევნების გზით გადაწყვიტოს თავისი მომავალი - ან ვეგუებით ძალადობას, უღირსობას, შიშს და სიძულვილს, ან ვირჩევთ თავისუფლებას, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ის, რომ 1 ოქტომბერს საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს ეჭვი ნამდვილად არ გვეპარება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ჩვენთაგანი საზოგადოების ნაწილია, საზოგადოებისა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში მოძალადე ხელისუფლების დარჩენა და მხარდაჭერა შედიოდეს.

 მოგმართავთ ყველა დიპლომატს, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, თავად აჩვენეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები და თავი დააღწიეთ მორალისა და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული მმართველი რეჟიმის სამსახურს. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1 ოქტომბერს. აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავსი ღირსეული, პატრიოტული და სახელმწიფოებრივი მაგალითებიც მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

მარტო ლევან მიქელაძის ნაბიჯის გახსენებაც საკმარისია ამისათვის. 2007 წლის ნოემბერში თავისი ქვეყნის უდიდესმა პატრიოტმა, მაღალი მორალის და ზნეობის ადამიანმა, პროფესიონალმა დიპლომატმა საკუთარი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ღირსეულად გამოხატა - მან არჩევანი საკუთარი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა - დროა, ეს არჩევანი თქვენც გააკეთოთ“-ნათქვამია დიპლომატების მიმართვაში.

პატივისცემით სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალაინი, ზაალ გოგსაძე, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, კონსტანტინე სურგულაძე“ - ნათქვამია მიმართვაში.