ხელოვნების მუზეუმიდან 3 ტილო გააქვთ

ხელოვნების მუზეუმიდან 3 ტილო გააქვთ

 

პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე ქართველი მხატვრების: ედმონდ კალანდაძის, ალექსანდრე  ბანძელაძის და ჯიფსონ ხუნდაძის ნამუშევრები, ჩეხეთში გასაგზავნადაა შეფუთული. ეს ინფორმაცია საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან,  დავით ცხადაძესთან ტელეფონით გადავამოწმეთ. ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა:

 

თქვენს მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ხელოვნების მუზეუმიდან ჩეხეთის საელჩოს მოსაწყობად, 3 ნამუშევრის წაღებაა დაგეგმილი?

დავით ცხადაძე: იდეა არის, მაგრან ან წავიღებთ, ან არა; ეგ ამბავი ჯერ გაუგებარია.

 

ჩვენი ინფორმაციით, ნამუშევრები შეფუთულია და ორშაბათისთვისაა დაგეგმილი მათი წაღება.

- ვერ წაიღებენ, რადგან სხვაგვარად გადაწყდა. ეს რასთან დაკავშირებით გაინტერესებთ?

 

ჩვენ ეს ინფორმაცია შევიტყვეთ და  ახლა თქვენთან ვამოწმებთ, გაიტანენ თუ არა ედმონდ კალანდაძის, ალექსანდრე ბანძელაძის და ჯისფონ ხუნდაძის ნამუშევრებს ჩეხეთში.

- გადაწყვეტილი არ არის და არ ვიცი რა გიპასუხოთ. იდეაში ვაპირებდით, მაგრამ არა მგონია ეს ამბავი  გამოვიდეს; შეიძლება სხვაგვარად გადაწყდეს – ქანდაკება წავიდეს, რაიმე ბიუსტი; ან შეიძლება იქ ვაჟა ფშაველას კუთხე მოეწყოს. ჩეხეთში საელჩოს შენობა ჩვენი საკუთრებაა და ამიტომ, გვინდოდა  ეს ამბავი რაღაცით აღგვენიშნა. ინტერიერს ნახვა  უნდა, რა მოუხდება.  

 

კი მაგრამ, ბრძანება ხომ დაიწერა უკვე, ნამუშევრების ჩეხეთში გაგზავნაზე?

- დღეს რაღაცეები შეიცვალა; საელჩოს უკვე ველაპარაკეთ და რაღაცეების შეცვლა გადავწყვიტეთ. თან, სანამ ფოტოები არ ჩამოვა, მანამდე ზუსტად ვერ გეტყვით რა, როგორ და რანაირად იქნება, რა მოუხდება და რა არა. ზოგადად გაინტერესებთ მოირთვება თუ არა საელჩო, რატომ უნდა მოირთოს, თუ რა კონტექსტში გაინტერესებთ?

 

თქვენს მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჩვენი თვალით არ გვინახავს და ამიტომ, ვალდებული ვიყავით ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა.

– ვის წინაშე იყავით ვალდებული?

 

მკითხველის წინაშე.

– იდეაში მსგავსი რაღაცის გაკეთება იგეგმება, მაგრამ, ამ წუთას ეს ყველაფერი იმის გამო გადაიდო, რომ მე არ ვიცი იქ რა სივრცეა, რა მოუხდება. იქ ქართული კუთხე უნდა გაკეთდეს. იქ სკვერიც არის. ეს საელჩო მე თვითონ ნანახი მაქვს, მაგრამ რემონტის პერიოდში. მიჭირს იმის თქმა, რემონტმა საბოლოოდ რა სახე მიიღო. დამეთანხმეთ, რომ ის უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე და კარგად გაკეთებული.

 

ეს ვისი იდეაა?

– ვერ ვხვდები იდეა რას ნიშნავს. ეს მიღებული პრაქტიკაა, ჩემი იდეა კი არ არის?!

 

მიღებული პრაქტიკაა მუზეუმიდან ნამუშევრების გატანა, საელჩოების მოსართავად?

თქვენ იწერთ ხომ ამ ლაპარაკს?

 

ბუნებრივია, ვიწერ.

– რა გიპასუხოთ?  კონკრეტულად ის გაინტერესებთ, სურათებით საელჩოების მოწყობა თუ შეიძლება?

 

უბრალოდ, გკითხეთ ვისი იდეაა–მეთქი.

– ეს ნამუშევრები არის საერთო სახელმწიფო საკუთრება, ისევე, როგორც საელჩოა საქართველოს საკუთრება, მაგრამ, რას ნიშნავს იდეა ვისი იყო? ვის მოაფიქრდა, კონკრეტულად ეს გაინტერესებთ? – მინდა გითხრათ რომ არაფერი დასამალი არ არის.

 

მესმის.

– კარგით, დამიკონკრეტეთ კითხვა და გიპასუხებთ.

 

თქვენ ბრძანდებით მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი?

– ამ წუთას მოადგილე ვარ, რადგან მაშინ მინისტრი თბილისში არ იყო და ახლა თბილისშია.

 

გასაგებია, რომ ზემოხსენებულ ბრძანებას ამიტომ აწერთ ხელს, როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

– თქვენ რა გეგონათ, რატომ ვაწერდი ხელს?

 

ეს გკითხეთ, რადგან სააგენტოების მიერ, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა რურუა თანამდებობიდან გადადგა.

– მინისტრი დღეგამოშვებით ტელევიზორშია. გუშინ ნახეთ? დღეს ნახეთ ტელევიზორში ვინ არის მინისტრი?! ასე იქნება ხვალაც, ზეგაც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გადაწყვიტა ეს ამბავი, ეს ზოგადი გადაწყვეტილებაა. ტენდენციაა ასეთი – როდესაც რომელიმე დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში შენი საკუთარი საელჩო იხსნება (მით უმეტეს, ჩეხეთის დედაქალაქი გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო),  შეიძლება რაღაცნაირად მოირთოს და დაემსგავსოს ქართულს (და არა უნივერსალურს), თუნდაც შენი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშით, რასაც პირადად მე მივესალმები, მაგრამ ამ წუთას ჯიფსონ ხუნდაძე იქნება, ედმონდ კალანდაძე თუ ალექსანდრე ბანძელაძე, ამის თქმა მიჭირს, იმიტომ რომ, მირჩევნია  ვნახო ეს სივრცე რამხელაა, როგორია და რა მოუხდება.

 

კიდევ ვიმეორებ, ამ არაჩვეულებრივ ჩვენს საკუთარ საელჩოს აქვს თავისი შიდა ეზო, გარე სკვერი. იქნებ ღირდეს ბიუსტის დადგმა. 

 

ვისი ბიუსტის დადგმა?

– რა თქმა უნდა, ჩემი ბიუსტის.

 

რატომ მეხუმრებით?!

– რას მეკითხებით, ვისი ბიუსტის?! მოქანდაკე გაინტერესებთ, თუ ის, რომელი ადამიანი იქნება გამოქანდაკებული?

 

ვისი ქანდაკება იქნება, ეს მაინტერესებს და რატომ ბრაზობთ?

– რა ვიცი?! რომელიც მოხვდება, იმის ბიუსტი იქნება. რომელიმე მოქანდაკეს შევუკვეთავთ და ვინ გააკეთებს და რა მუზა მოუვა, წინასწარ რა ვიცი, როგორ გითხრათ?!

 

ხომ შეიძლება მუზეუმიდან გაიტანოთ ქანდაკება? ამიტომ გკითხეთ.

– შეიძლება შევუკვეთოთ, შეიძლება ვიყიდოთ, შეიძლება ვითხოვოთ. იმისთვის რომ თქვენ სწორად იყოთ ინფორმირებულიო, ძალიან გთხოვთ, გაარკვიეთ რას ნიშნავს გატანა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გატანა რას ნიშნავს – გაიტანეს და გაიტანეს?

 

ხელის მოკიდებას და მუზეუმიდან გარეთ გატანას, ალბათ, რამდენიმეთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე. 

– ხელშეკრულების ფორმა არის, რომელიც შეიძლება დაიდოს ერთი წლით, ორი წლით; შემდეგ შეიცვალოს, ეს სურათი ჩამოვიდეს და სხვა წავიდეს. სამინისტრო დროებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ერთი წლით აძლევს ნებართვას საქართველოს საელჩოს ჩეხეთში, დაიკიდოს ერთი სურათი. შემდეგ ეს სურათი ჩამოვა და სხვა წავა.

 

ზუსტად ასე წარმომედგინა, რადგან ამგვარი ფორმით გაიტანეთ 4 ტილო მუზეუმიდან თქვენს სამინისტროში, რომელიც  ჯერ არ დაგიბრუნებიათ, რადგან ექვსთვიან ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია.

– შეიძლება ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და გახდეს ერთი წელი.

 

ამის გაკეთება ნამდვილად შეგიძლიათ – ეროვნული მუზეუმის დირექტორს ისეთი ბრძანება აქვს გამოცემული, რომ საგანძურიდანაც შეგიძლიათ ექსპონატების გატანა, ამა თუ იმ უწყებაში, ინტერიერის მოსაწყობად; ეს კანონს არ ეწინააღმდეგებაო, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ, პრესა.გე–სთვის მოცემულ ინტერვიუში.

– თვითონ გითხრათ, კანონს არ ეწინააღმდეგება მუზეუმიდან გატანაო?! თუ სათანადო პირობები იქნება, რატომ არა?! ალბათ, ესეც გითხრათ.

 

დიახ, გვითხრა.

– ამას მინდა ხაზი გაუსვათ – სათანადო პირობების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია მოხდეს. იცით რა არის სათანადო პირობები?

 

ტემპერატურა, გარემო...

– ოოო, ზუსტად ასეა. სწორედ ამიტომ, საგანძურიდან არაფერი არ დაიძვრება, რადგან  საგანძურს ვერ შეუქმნი ისეთ პირობებს, რომ სადმე მოათავსო, ჩემო ბატონო.