მერაბ ქვარაია ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

მერაბ ქვარაია ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, მერაბ ქვარაია ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციას აქვს ინფორმაცია და შესაბამისი ფაქტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები მოსახლეობას თანხებს ურიგებენ და აღნიშნა, რომ ამ პროცესთან კოალიციას არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენი მასალებით დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები 22 სექტემბერს, დანიშნულ აქციაზე მისასვლელად ამომრჩევლებს თანხებს ურიგებენ. „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. კუდის, სოდის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს კი მივმართავ, რომ თავი დაანებოს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს“, - განაცხადა ქვარაიამ.

დღესვე კოალიციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„22 სექტემბერს აქცია ზუგდიდის მთავარ მოედანზე ჩატარდება. ყველას ვთხოვ მობრძანდეს და ერთად ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ გამარჯვების დასაწყისი“, - დასძინა მან.