ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი  თენგიზ სარიშვილის  რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს

ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი თენგიზ სარიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს

საარჩევნო ბლოკ  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატ თენგიზ სარიშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას და მის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივრით მიმართავს   პროკურატურას.   ამ საკითხთან დაკავშირებით, ბესელიას საარჩევნო შტაბში, იურისტმა ლილი გელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვის სამ ფაქტს, რომელიც გელაშვილის თქმით, სარიშვილისა და მოსახლეობის შეხვედრებზე სააგენტო „ინფო 9"-მ გადაიღო. გელაშვილმა დღეს ჟურნალისტებს ამის დამადაასტურებელი ვიდეომასალაც წარუდგინა და აღნიშნა, რომ მასში პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არ არის დაპირება და პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს საქმე.

თენგიზ სარიშვილის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებისა და გამოძიების დაწყების საფუძველია დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტები, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა.     ერთ-ერთ შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მოსახლეობას გზის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებას დაპირდა. თენგიზ სარიშვილმა შეხვედრაზე ამომრჩევლის წინაშე, ტელეფონით დარეკა და კონკრეტულ ქუჩაზე ხრეშის დაყრა ითხოვა. აღნიშნულის ვიდეოკადრები საინფორმაციო სააგენტო info9.ge-მ  გაავრცელა.

  "ნაცმოძრაობის" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი, ბიზნესმენი, თენგიზ სარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურად, თითქმის ყველა ქუჩაზე მართავს. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურეკავს სარიშვილი ვიღაცას და პირდება ხრეშის დაყრას.   ვის ესაუბრა სარიშვილი ტელეფონით, მას შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებია. არც ის განუმარტავს, ბიუჯეტის თუ რა თანხით იგეგმება სამშენებლო მასალის შეტანა და გზის მოპირკეთება, თუმცა, ვინაიდან ის კანდიდატად რეგისტრაციამდე საკრებულოს წევრი იყო, ადმინისტრაციულ რესურსის თავისუფალი წვდომა აქვს.   ასევე დადგენილია, რომ  ირა ფაცია,   რომელიც სარიშვილმა სატელეფონო საუბრისას ახსენა, ერთ-ერთი სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელია. ფირმა უკვე წლებია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოასფალტების სამუშაოებს     ასრულებს. 

  კადრებში ჩანს ასევე, თუ როგორ უხდის პრობლემის მყისიერად მოგვარების  გამო, შეხვედარზე მყოფი მოსახლეობა სარიშვილს მადლობებს.   კიდევ ერთი უკანონო ქმედება დაფიქსირდა სარიშვილის მოსახლეობასთან მომდევნო შეხვედრაზე, ნაციონალური პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა  წყლის მილების სარემონტო სამუშაოების მოგვარება დაიწყო დუმბაძის ქუჩის მაცხორებლებისთვის.. სამუშაოების შესრულების დავალება აქაც ამომრჩევლის წინაშე ტელეფონით გასცა.

 "წყალკანალის" უფროსთან დარეკვისას, მას არ დაუმალავს, რომ მოსახლეობასთან შეხვედარზე იყო და პრობლემის გადაწყვეტას ცდილობდა, რაც გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს.      ვიდეო მასალა, რომელიც მედია საშუალებით გავრცელდა, აშკარად ცხადყოფს, რომ სახეზეა საარჩევნო სუბიექტის მიერ  საქართველოს  სსკ-ის 164.1 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში“.   ჩვენ საჩივრით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, დაიწყოს გამოძიება და შესაბამისად თენგიზ სარიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, სსსკ-ის მე-100 და -101-ე მუხლების შესაბამისად: „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“;  „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“.      საარჩევნო კოდექსისი 47-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ თუ საარჩევნო სუბიექტის - კანდიდატის მხრიდან მაინც მოხდა მსგავსი ფაქტი, მაშინ კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.მოცემულ შემთხვევებში, არის მტკიცებულება ვიდეომასალის სახით, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ტიპის დაპირებას აკეთებს კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. რაც უკვე არის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და ასევე მივმართავთ სასამართლოს კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.   აღსანიშნავია, რომ სარიშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ადრეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც თენგიზ სარიშვილი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა. 

 „ჩვენ, დღეს ვამზადებთ საჩივარს და მივმართავთ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. ვინაიდან ეს ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, პროკურატურა ვალდებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ასევე, მივმართავთ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით, რომ თენგიზ სარიშვილი მოიხსნას რეგისტრაციიდან, როგორც საარჩევნო სუბიექტი", - აცხადებს გელაშვილი.

იურისტის განმარტებით, სასამართლომ მათი საჩივარი უმოკლეს დროში უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ფაქტობრივ მასალას ფლობენ.