კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდა და ამ საკითხზე სტამბულში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ქართული ეკლესიის დელეგაციაც ესწრება.

„საკითხი დაახლოებით ასე დგას - აფხაზური მხარე ითხოვს გარკვეულ თავისებურებებს, რაც ამ ეპარქიისთვის იქნება აუცილებელი და მათ ამ თხოვნით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართეს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, როგორც დედა ეკლესიამ, თავი ვალდებულად ჩათვალა,  აფხაზური მხარის პრობლემებით დაინტერესდეს. აფხაზები ამბობენ,  რომ 20 წელია, მათთან საქართველოს და,  შესაბამისად, ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვერ ხორციელდება და აქვთ გარკვეული მოსაზრებები,  რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომდე მიიტანეს“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დღეიდან ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს აფხაზურ მხარესთან მიმართებაში.

მისი თქმით, შეხვედრა სტამბულში მიმდინარეობს,  სადაც  მისი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ეკლესიის დელეგაცია იმყოფება.

„ის მოისმენს არსებულ საკითხს, ჩამოიტანს ინფორმაციას და მასზე უკვე პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად იმსჯელებს“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.