ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი მზაობა გააჩნია იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს

ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი მზაობა გააჩნია იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებას იზიარებს. ამის შესახებ მან დღეს  თიანეთში, მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას  ეხებოდა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადება არაერთხელ გაკეთებულა, რაც ივანიშვილის აზრით, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი ყურადღებაა მოპყრობილი.

კოალიციის ლიდერის განმარტებითვე, „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი მზაობა გააჩნია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომსამართლიანი არჩევნები  ჩატარდეს. მისივე თქმით, ამის შემდეგ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

„ყველა ელოდება, რომ ეს არჩევნები დაემსგავსოს რაღაც სამართლიანის მსგავსს და არ მოხდეს იმის მსგავსი, რაც ხდებოდა ადრეულ არჩევნებზე. ჩვენ, ჩვენის მხრივ, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, რომ ეს არჩევნები ჩაითვალოს დემოკრატიულად, ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არავითარი გაუგებრობა არ მოხდება. ჩვენ გაგვაჩნია აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მათთან და თუ ისინი მოახერხებენ, რა თქმა უნდა, ჩვენც მოვახერხებთ და ყველანაირ შედეგს ვცნობთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა - ჯოან ემერსონმა, მაიკ თერნერიმ, მაიკ როსიმ და ბენ ჩენდლერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება The Hill-ის კონგრესმენების ბლოგზე გამოქვეყნდა.

როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ისინი მხარს უჭერენ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

"არჩევნებს მსოფლიოში აღიარებული სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დააკვირდებიან, რათა დაადასტურონ, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პირნათლად დაცულია თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპები, უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად. ამ დამოუკიდებელი არბიტრების სიტყვებს ყველამ უნდა მოუსმინოს და პატივი სცეს", - ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.