გია ბარამიძე:  გათავისუფლების შემდეგ პროტესტის გამოხატვა თავისუფლების მუხტის შემტანის პოზიციად უფრო შეიძლება აღვიქვათ

გია ბარამიძე: გათავისუფლების შემდეგ პროტესტის გამოხატვა თავისუფლების მუხტის შემტანის პოზიციად უფრო შეიძლება აღვიქვათ

„სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ პროტესტის გამოხატვა გაღიზიანებულის პოზიციად კი არა პირიქით, თავისუფლების მუხტის შემტანის პოზიციად უფრო შეიძლება აღვიქვათ“, - ეს განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების ლექტორმა, სრულმა პროფესორმა გია ბარამიძემ დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც  ამ ეტაპზე პროტესტის გამოხატვა განაწყენებული პედაგოგის პოზიციასთან დაკავშირებას ეხებოდა.

ბარამიძის თქმით, ის ჯერ სამსახურიდან არ არის გათავისუფლებული და აღნიშნა, რომ 26 სექტემბრამდე ჯერ კიდევ უნივერსიტეტის ლექტორად ითვლება. მისი განმარტებით, ის არა თუ გათავისუფლებულ, არამედ გაგდებულ ლექტორად შეიძლება ჩაითვალოს.

„გათავისუფლება ევროპული დემოკრატიული გაგებით სხვა რამეს გულისხმობს და გაგდება სხვა რამეს. როცა გათავისუფლებენ, გიხსნიან მიზეზს და განმარტებას გაძლევენ. ამ შემთხვევაში როცა გაგდებენ, გაღიზიანებულის პოზიციაში კი არა, თავისუფლების მუხტის შემტანი ლექტორის პოზიციაში უფრო ვიმყოფები“, - განაცხადა მან.

ბარამიძე დღეს კონკურსების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წელს ჩატარებული კონკურსი აბსოლუტურად განსხვავებული იყო წინა წლების კონკურსებთან შედარებით.

მისი თქმით, წელს კონკურსებს ატარებდა ე.წ. „ტროიკები“, ანუ შეფასება მოხდა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ.

„მე და ჩემი კოლეგები ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ ქვეყანაში „ლენინიზმის“ ელემენტები შეინიშნება და ეს დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნებმაც ხაზგასმით აღნიშნეს. ეს „ტროიკა“ ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სწორედ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. ის რასაც დღეს უკეთებენ გამოძევებულ, ან თუ უფრო ლოიალურად ვიტყვით გათავისუფლებულ პროფესორებს, ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა დახვრეტა, ოღონდ სიმბოლური. ეს კი არის ანალოგი სწორედ იმისა, რაც ხდებოდა გასული წლის 30-იან წლებში, ოღონდ კონცეპტუალურ დონეზე“, - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მთავარი რედაქტორისა და უნივერსიტეტის ლიტერატურული სახელოსნოს ხელმძღვანელის, ლექსო დორეულის შეფასებას, მისი განმარტებით, გია ბარამიძე დიდი ხანია ინტელექტუალურად აპროტესტებს განათლების რეფორმებს და იმ სტრუქტურებს, რაც უნივერსიტეტში არის, თუმცა აღნიშნა, რომ ეხლა სხვა ფორმებს იმიტომ მიმართეს, რომ პრობლემა უფრო ნათლად შეეხო სტუდენტებს.

„ბატონი  გია ამ ხნის განმავლობაში აქვეყნებდა ნაშრომებს, რომელიც საგანმანათლებლო რეფორმებს და სისტემებს შეეხებოდა. მასში ნამდვილად არ იყო პოზიტიური შეფასებები. ამიტომ ის აზრი, რომ ბატონმა გიამ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა პროტესტის ფორმებს, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს არ არის სწორი. მით უმეტეს მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროტესტის წინა ფორმები უფრო ეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ეხლა გამოხატული“, - დასძინა მან.