სელესტ  ვოლანდერი:  საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ გამოწვევის ან, ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია

სელესტ ვოლანდერი: საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ გამოწვევის ან, ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ სელესტ ვოლანდერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებისთვის გამჭვირვალობა წამყვანი პირობაა.

შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს,  რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში თავისუფალი საარჩევნო გარემო მაქსიმალურად უზრუნველყოს.

„მთავრობის  ვალია,  არჩევნებში ყველა უცხოელ დამკვირვებელს მონაწილეობის საშუალება მისცეს, დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ყველა პირობა. არ უნდა იყოს კითხვები ამომრჩევლის სრულყოფილ სიებზე, სარეგისტრაციო პროცედურებზე, საარჩევნო უბნებზე წესრიგი უნდა განმტკიცდეს, ოპოზიციურ პარტიებს სრული და შეუფერხებელი საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთი პროგრამა წარმოადგინონ და მოსახლეობასთან გამართონ შეხვედრები. ერთი სიტყვით, მთავრობას აქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო მოვალეობა, რომ განამტკიცოს კანონი და ყველანაირი პირობა შექმნას არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩასატარებლად. ვაცნობიერებთ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობასაც, რათა მათ,  ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო“,  - განაცხადა სელესტ ვოლანდერმა.

მისი თქმით,  საქართველოს ნამდვილი შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს, რომ ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნება, შესწევს უნარი და ერთგულია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპისა - უზრუნველყოფს ჯანსაღ დისკურსს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიციის საშუალებით.

სელესტ ვოლანდერის განცხადებით, ყველგან - ამერიკაში,  ევროპაში - მოუთმენლად ელიან და დიდი გულისყურით ადევნებენ მოვლენებს თვალს.

„მეც მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ გამოწვევის ან,  თუ გნებავთ, ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლანდერმა.