სააკაშვილი: ფოთი  დიდი ინდუსტრიული ცენტრი გახდება

სააკაშვილი: ფოთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი გახდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, დაბა ყულევში ახალი ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ აშენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ფოთისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ფოთის თავისუფალი ზონის იდეა რეალურად ისხამს ხორცს და შინაარსით ივსება.

„ეს არის საერთო ჯამში თავის ქარხნიანად, თავისი ნავმისადგომიანად მილიარდი დოლარის ინვესტიცია ფოთში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს არის 1500 დასაქმებული ფოთელი ეტაპობრივად, დაწყებული დღევანდელი დღიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ სამი-ოთხი ასეთი საწარმო და უმუშევრობის პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს. მე ვიცი, რომ დღესაც სუფსიდან მოსახლეობის რაღაც ნაწილი სამუშაოდ დადის თურქეთში. ეს ყველაფერი დამთავრდება, აქ აშენდება ქარხანა, გადამზადების ცენტრი არის ფოთში. ჩვენ გადავამზადებთ ხალხს იმ პროფესიებში, რომელიც ამ და სხვა ქარხნებს სჭირდება, იმიტომ რომ მეტალო გადამამუშავებელი ქარხანა იხსნება. საუბარია კიდევ 5 სხვა ქარხნის მშენებლობაზე ფოთში და ამით ფოთი გახდება დიდი ინდუსტრიული ცენტრი“, - განაცხადა სააკაშვილმა.