აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ვეტერანები არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევენ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ვეტერანები არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევენ

კინოს სახლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ომის ვეტერანებმა დღეს შეხვედრა გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ არჩევნებში კოალიცია „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს მისცემენ ხმას.

შეხვედრაზე მათ საგანგებო განაცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ბოლო რვა წლის განმავლობაში განხორციელებულმა „რეფორმებმა, კი მათ იმედები გაუცრუეს.

განცხადების თანახმად, ამიტომ მათ გადაწყვიტეს არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მისცენ ხმა და საზოგადოებას მოუწოდებენ, არჩევნების გამო მოქალაქეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ და არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

ვეტერანებმა შეხვედრის დროს საგანგებო განცხადებაც გააკეთეს , რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

 "საქართველოში ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტისახალხო, ანტიდემოკრატიულმა "რეფორმებმა" კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ჩვენი ყოველდღიური ყოფა. სიღარიბემ, ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ ძალმომრეობრივმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე გადახვეწა სამშობლოდან ლუკმა-პურის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად; ათი ათასობით ადამიანი გაამწესა საპატიმროებში, ხოლო ყველაზე გავრცელებული სტატუსი გახდა პრობაციონერი.

საქართველოს მოსახლეობამ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან დაუკავშირა არჩევნებს, რომელსაც საშუალება უნდა მიეცა ჩვენი თანამემამულეთათვის მშვიდობიანი გზით შეეცვალა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ჩვენ ეს გზაც მოგვიჭრეს. წინასაარჩევნო გარემოს არაადეკვატურობა, მისი დემოკრატიულ საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შეუსაბამობა არ იძლევა სამართლიანი არჩევანის გაკეთების საშუალებას.

 საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა არჩევნებში ობიექტური შედეგის მიღწევა. ჩვენი აღშფოთების მთავარი საგანი გახდა ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გახლიჩოს ერი. ვაცხადებთ რა ღრმა პროტესტს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანები ვგმობთ ყოველგვარ დესტრუქციულ ქმედებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილ ფეთქებადსაშიშ მდგომარეობას, ჩვენ მივმართავთ ქართველ ხალხს: არ აყვეს პროვოკაციებს, წაქეზებებს დაპირისპირებისკენ, გამოიჩინოს ეროვნული სიბრძნე და 1-ელ ოქტომბრის არჩევნებში თავისი სწორი, შეგნებული გადაწყვეტილებებით წერტილი დაუსვას ქვეყანაში განვითარებულ დამანგრეველ პროცესებს, ხელისუფლების ძალადობას. ამ სამართლიან საქმეში გვიგულეთ თქვენს გვერდით, როგორც ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეებს და ვეტერანებს მოვუწოდებთ: ძმებო, მოიხადეთ მხედრული ვალი ქართველი ხალხის და არა მმართველი ანტიქართული რეჟიმის წინაშე. ხალხის გამარჯვება ჩვენ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ოპოზიციურ პარტიებს და კოალიცია "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებთ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაიცვან საარჩევნო ხმები, ჩვენი არჩევანი, სამართლიანობის დადგენამდე ბოლომდე იდგნენ საქართველოს გვერდით, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დროზე მოეგონ გონს.

 ჯერ კიდევ დარჩა პროცესების მშვიდობიანად, სამართლიანად წარმართვის რესურსი. ნუ წავლენ ხალხის არჩევანის წინააღმდეგ პირველ რიგში მათი და მთელი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. აფხაზ და ოს ვეტერან ძმებს: ღმერთმა შეგვინდოს ყოველივე, რაც ერთმანეთს დავუშავეთ. დროა, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ დაღუპულ ძმებს ზეცაში გაახარებს, აქ კი, ჩვენს ხალხს მისცემს მშვიდობიანი და ნათესაური თანაცხოვრების შესაძლებლობას. სამშვიდობო პროცესებს ჩვენ უნდა წავუძღვეთ.

მივმართავთ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონის დევნილებს, მხარი დავუჭიროთ დევნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ინიციატივას, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ერთად მივიდეთ დევნილთა თავყრილობაზე და დავაფიქსიროთ სწორი პოზიცია, ვაჩვენოთ მთელ საქართველოს ჩვენი ერთობა და სიძლიერე.

ჩვენ აფხაზეთის და ცხინვალის ომის ვეტერანები ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ კოალიცია "ქართულ ოცნებას", მის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ გვჯერა მისი. დარწმუნებული ვართ, რომ მას შეუძლია საქართველოს გადარჩენა, ვეტერანებისთვის, დევნილებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის წართმეული უფლებების აღდგენა. მოვუწოდებთ ყველას, გვერდში დავუდგეთ ქართულ ძალას და ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება", - აღნიშნულია ვეტერანთა განცხადებაში.