ილია კიკაბიძე: „მაესტროსა“ და უწყებათაშორის კომისიას შორის, მოლაპარაკებების განახლების საფუძველი აღარ არსებობს

ილია კიკაბიძე: „მაესტროსა“ და უწყებათაშორის კომისიას შორის, მოლაპარაკებების განახლების საფუძველი აღარ არსებობს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელებისა და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლების პოზიციას  შორის,  პრინციპული შეუთავსებლობა მოხდა.

შესაბამისად, მათ შორის წარმოებული მოლაპარაკებები, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური თეფშების დარიგებას ეხებოდა ჩიხში შევიდა და შეწყდა.

როგორც from.ge -სთან საუბარში ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი, ილია კიკაბიძე აცხადებს, მოლაპარაკებების განახლების საფუძველი აღარ არსებობს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების შეთავაზება დაყადაღებული ანტენების დარიგებაზე მოჩვენებითი იყო და ყადაღის ახსნა არც იგეგმებოდა.

„ჩვენს მიერ გაკეთებულ შეთავაზებაში ყველაფერი თვალნათლივ იყო ასახული. ანტენების დარიგებისას უნდა ყოფილიყო ჯგუფი, რომელშიც ერთი ადამიანი „მაესტროს“ ორი კი საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი იქნებოდა. ფოსტის მხრიდან წარმომადგენლები დაამონტაჟებდა, „მაესტროს“ ერთი წარმომადგენელი კი, იქ მონიტორინგის მიზნით იქნებოდა. ამ შეთავაზებაზე პრინციპულად არ დაგვთანხმდნენ. ეს მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან თურმე პროკურატურას კვლავ რჩება ეჭვი, რომ  ჩვენ  ამომრჩევლის მოსყიდვას ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლებოდა, მოგვესყიდა მოსახლეობა, თუ ორი წარმომადგენელი იქნებოდა ფოსტიდან“, - განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ტელეკომპანია  „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა არც მოხსნილა და მოხსნას არც აპირებდნენ.

„ეს არის ჩიხი, რომელიც შექმნეს თვითონ და,  თითქოსდა უცხოურ ორგანიზაციებს აჩვენეს მზაობა,  რომ მზად არიან, მართლაც სიტყვის თავისუფლებისთვის გამოიდონ თავი.  ეს იყო მოჩვენებითი, თითქოს კონსტრუქციული უწყებათაშორისი კომისია ძალიან ნერვიულობს „მაესტროს“  სიგნალის გაფართოებაზე“, - განაცხადა კიკაბიძემ.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას  უცხოურ ორგანიზაციებს მიაწვდის.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „მაესტროს“  სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნათ.