გია ბარამიძე: თსუ-ში სასწავლო პროცესების მარგინალიზაცია, დაბალი სტანდარტების დაკანონება და დისკვალიფიკაცია ხდება

გია ბარამიძე: თსუ-ში სასწავლო პროცესების მარგინალიზაცია, დაბალი სტანდარტების დაკანონება და დისკვალიფიკაცია ხდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორმა  გია ბარამიძემ  და უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მთავარმა რედაქტორმა, ლექსო დორეულმა  უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით for.ge-ს პრეს-კლუბში დღეს  პრესკონფერენცია გამართეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის გია ბარამიძის განცხადებით, თსუ-ში სასწავლო პროცესების მარგინალიზაცია, დაბალი სტანდარტების დაკანონება და დისკვალიფიკაცია ხდება.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა  და სტუდენტებს შორის დადებული ხელშეკრულება გარკვეული გამოძალვის სახეს ღებულობს, იმდენად რამდენადაც, სტუდენტობა  მოწადინებულია  მაღალი სტანდარტების ცოდნა მიიღოს,  ამ დროს კი,  დისკვალიფიცირებულ სტანდარტებს სთავაზობენ.

„ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე,  რომ განათლების სისტემაში გარდაქმნა, რეფორმა მოხდა,  მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გარდაქმნა და რეფორმა  არ მომხდარა. მოხდა არა რეფორმა არამედ, ადგილი აქვს გადაფორმების მცდელობას  უნივერსიტეტი სახელისუფლებო კლანების ხელში გადავიდეს. ეს ნათლად ჩანს თსუ-ში შექმნილი მდგომარეობის ანალიტიკიდან.  უნივერსიტეტში ჰყავის კორუფცია,  მოქმედებს კორუფციული სქემები,  უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ კორუფციას  ზნეობრივი და ეთიკური თვალსაზრისით გაგებულს,  ხოლო რაც შეხება,  კორუფციას,  რომელიც  უშუალოდ იურიდიულ შეფასებებთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა,  ამ განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ. ხდება უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის მმართველობისა და პოლიტიკური ხელისუფლების შერწყმა, რაც  იმ სიტუაციას იწვევს, რა სიტუაციაც დღესაა თსუში“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა უნივერსიტეტი სტუდენტებს და  პროფესორთა კორპუსს დაუბრუნდეთ.

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი  კორუმპირებული ადმინისტრაციასა და კორუმპირებული სახელმწიფო ხელისუფლების ერთობის ფორმაა. უნივერსიტეტი ოკუპირებული და პრივატიზებულია.  აუცილებელი და ნომერ პირველი ამოცანაა,  მთელი საუნივერსიტეტო აკადემიური სივრცე,  სასწავლო პროცესი  ოკუპაციის და უკანონო ყოვლად მიუღებელი ფორმებიდან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

თავის მხრივ, უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მთავარი  რედაქტორის, ლექსო დორეულის განცხადებით, სტუდენტები შეშფოთებულნი არიან იმ მდგომარეობით, რაც ზოგადად,  საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში ხდება.

„ამოვწურეთ ადმინისტრაციული პროტესტის ყველა ფორმა და იძულებულნი გავხდით პროტესტის ის ფორმა გამოგვეყენებინა, რომელიც ადმინისტრაციული პროტესტის  ნორმების ფარგლებში არ შედის. ის რომ განათლების სისტემაში  სტუდენტის აბსოლუტური დეცენტრირება მოხდა, რომ სტუდენტი დღეს აღარაა განათლების სისტემის ღერძი,  განათლების სისტემა კი არაა მიმართული სტუდენტისაკენ არამედ,  ის ემსახურება კეთილი ურთიერთობის დამყარებას  ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას შორის.  ვინ თუ არა სტუდენტმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, რა,  ვინ უნდა ასწავლოს.  სტუდენტები მოკლებულნი ვართ ყველაფერ ამას. ჩვენი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ვერ ვმონაწილეობთ“, - განაცხადა დორეულმა.

მისი თქმით, ხარისხიანი განათლების უფლების მოსაპოვებლად სტუდენტები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.