აჭარაში   „ლეიბორისტებმა“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს

აჭარაში „ლეიბორისტებმა“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს

 "ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის ორმა კანდიდატმა დღეს ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა.

„ლეიბორისტების“  მაჟორიტარი დეპუტატობის ორმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში თამაზ დევაძემ და ბიძინა დუმბაძემ   პარტიის რიგები დატოვეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ საკუთარი საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.

მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ,  „ლეიბორისტული პარტიის““ ხელმძღვანელობა ამ დრომდე ინფორმირებული არ არის.

თამაზ დევაძემ საკუთარი კანდიდატურა კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურმან დუმბაძის სასარგებლოდ მოხსნა, ხოლო ბიძინა დუმბაძემ - თემურ კახიძის სასარგებლოდ,  რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია ხელვაჩაურიდან.

ყოფილი  „ლეიბორისტები“  ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან,  რომ 1 ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, დიდგორის ბრძოლაა, რომელშიც ყველა გამარჯვებული ვერ იქნება.

რაც შეეხება მათ კოალიციის რიგებში გაწევრიანების საკითხს,  ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს.