მანანა კობახიძე: ჩვენ რევანშის განცდა არავის მიმართ არ გვაქვს

მანანა კობახიძე: ჩვენ რევანშის განცდა არავის მიმართ არ გვაქვს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მანანა კობახიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს უფროსის თენგიზ კალანდაძის გადაწყვეტილებას  მიესალმება.

კობახიძის განცხადებით,ფაქტი, რომ ადამიანს სტაბილური  სამსახური და  ხელფასი აქვს, თუმცა  ის მაინც ტოვებს  სამსახურს და  ოპოზიციაში  მოდის, იმის მანიშნებელია, რომ საჯარო სამსახურებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

მისი თქმით,  რაც მეტი ადამიანი მიხვდება და გაანალიზებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად ხელეწიფება  ეფექტური რეფორმები გაატაროს, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე გაიყვანოს,  სიღარიბე, უმუშევრობა დაძლიოს და  ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს  სწორედ,  ახალი ძალა, „ქართული ოცნებაა“ და რაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება უკეთესია.

„როდესაც საჯარო სამსახურში  ხარ,  უფრო მეტად  ხედავ იმ ნაკლოვანებებს,  რაც ამ ქვეყნის მთავრობას   მმართვის თვალსაზრისით ახასიათებს. ამიტომ, ამ ადამიანს  სწორი გადაწყვეტილება მიუღია, რა თქმა უნდა,  კარგია  რაც მეტი ადამიანი გამოხატავს ამ მხარდაჭერას.  ჩვენ,  საჯარო მოხელეების მიმართ,  იმთავითვე გამოვაცხადეთ,  რომ ყველა ადამიანი  თავის ადგილას იქნება, ჩვენ რევანშის განცდა არავის მიმართ არ გვაქვს. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურებში, ისევ იქნებიან დასაქმებულნი, პირიქით მათ დაწინაურებასა და წინსვლაში ხელი შეეწყობათ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კოალიცია და მისი წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს არ ებრძვის.

„პირიქით თანავუგრძნობთ მათ,  თუ რა პირობებში  უხდებათ დაკვეთების შესრულება. ზუსტად ვიცით,  ინფორმაციები გვაქვს,  რომ მათ ავალებენ, აიძულებენ მხარი  „ნაც. მოძრაობას“  დაუჭირონ“, - განაცხადა კობახიძემ.

 ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ის მხარდაჭერას საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ უცხადებს და საკუთარ გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის.