თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამა გრძელდება

თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამა გრძელდება

 თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე,  ქართული პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე შალვა დადიანის „გუშინდელნი???“ გაიმართება. წარმოდგენა 12:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

მეორე სპექტაკლი დავით კლდიაშვილის „აზნაურები?!“ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სცენაზე 15:00 საათზე დაიწყება. მისი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ნილ საიმონის „სექტემბრის თოვლი“ რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 18:00 საათზეა დაგეგმილი - რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი. დღესვე, ლაშა ბუღაძის „ნაფტალინს“ სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოადგენენ. სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. მისი რეჟისორი შოთა ბაბილოძეა. 19:00 საათზე დაიწყება თავისუფალი თეატრის სცენაზე ენტონი ბერჯერსის რომანის მიხედვით დადგმული „მექანიკური ფორთოხალი“, რომლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. სამეფო უბნის თეატრი 20:00 საათზე სლავომირ მროჟეკი „სტრიპტიზს“ წარმოადგენს, რომლის რეჟისორი ნიკა თავაძეა.

დღევანდელი პროგრამის ბოლო სპექტაკლი სარა რულის „სუფთა სახლია“, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძეა.

თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა, ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ქართულ და საერთაშორისო დასებს თბილისის სხვადასხვა თეატრი მასპინძლობს.

სპექტაკლებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა თეატრალური დასი წარმოადგენს.

რაც შეეხება საერთაშორისო პროგრამას, ის 20-30 სექტემბერსაა დაგეგმილი. თბილისში უცხოეთიდან 12-მდე თეატრალურ დასს ელიან. მათ შორის იქნებიან, რუსული,ბრიტანული, იაპონური, ჩინური, ფრანგული, ლიტვური, მოლდოვური და სხვა თეატრები.

1- 4 ოქტომბერს თემურ ჩხეიძე ახალგაზრდა რეჟისორთათვის ვორქშოფს გამართავს.

თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალის მიზანია, ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიო კულტურულ და ინტელექტუალურ წრეებში.