ხუხაშვილი: ლუის ნავაროს  მადლობა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა გაგვაცნო

ხუხაშვილი: ლუის ნავაროს მადლობა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა გაგვაცნო

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ის  საქართველოს ოფისმა და მისმა ჩატარებულმა კვლევამ ამ ინსტიტუტისადმი ქართველი საზოგადოების ნდობასა და დადებით დამოკიდებულებას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. ამის შესახებ ექსპერტმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოებაში კარგა ხანია მწიფდება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომელსაც ინსტიტუტი სისტემატურად აქვეყნებს და აღნიშნა, რომ დღეს, ეს საბოლოოდ დაგვირგვინდა.

„მე შედეგები და მათი პროცენტები საერთოდ არ მაინტერესებს და მგონია არც არავის არ აინტერესებს. თვითონ მათი შეკითხვები სოციოლოგიური თვალსაზრისით არაპროფესიონალურად მომზადებული და სრულიად არაკორექტულია“, - განაცხადა მან.

ექსპერტის აზრით, აღნიშნულ კვლევას მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა და ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ NDI-ის შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშია დაწერილი და პარტიის პროპაგანდას წარმოადგენს.

„ NDI „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობარიდან ამოღებულ კითხვებს უსვამს რესპოდენტებს. მე მხოლოდ ის გავიგე თუ რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. ლუის ნავაროს დიდი მადლობა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა გაგვაცნო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ის რომ ინსტიტუტი „ნაცმოძრაობის“ შეკვეთილი კითხვებით ხელმძღვანელობდა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კითხვებს გამოკითხულთა 1/3 პასუხს არ სცემს.

მისი თქმით, როცა შეკითხვები ასეთ ფორმულირებით ისმება, ბუნებრივია, მასზე ადექვატური პასუხების გაცემა რთულია. შესაბამისად ექსპერტი მიიჩნევს, რომ საბოლოო სურათიც ვერ იქნება ადექვატური, სანდო და რეალური სურათის ამსახველი.

„საინტერესოა ვინ ჰყავდათ გაშვებული საველე სამუშაოების ჩასატარებლად, ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ კომისრები. მათ კი, რა თქმა უნდა, არავინ არ უპასუხებდა. ამიტომ ის, რომ ვინმეს სჯერავს და სერიოზულად აღიქვამს კვლევის შედეგებს ეს სრული აბსურდია“, - განაცხადა მან.

ხუხაშვილის თქმით, თავშეკავებულ რეპოდენტთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა საქართველოში და აღნიშნავს, რომ ამას თვითონ NDI-ის  წარმომადგენლებიც აღიარებენ.

„ამის შემდეგ კვლევის პროფესიონალიზმი, ხარისხი, ტექნიკური ნაწილი და დიაგნოზი დასმულია. და ეს დიაგნოზი უკვე საერთოდ აღარ არის საინტერესო“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოტში“ დღეს კვლევის შედეგების შემდეგი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა. შედეგები NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.