ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ყრილობას ხვალ, 19.00 საათზე გამართავს

8 სექტემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში ყრილობას გამართავს.

 დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, თბილისში ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელსაც მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

საქართველოს სხვა ქალაქებში შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება. როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ყრილობაზე მიწვეულები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თაქთაქიშვილის განმარტებით, ყრილობები კულტურული პროგრამით დაიწყება, შემდეგ გამოვლენ ლიდერები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას პროგრამას – "მეტი სარგებელი ხალხს" გააცნობენ.
მმართველის პარტიის სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყრილობა 11:00 საათზე დაიწყება; ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ - 12:00 საათზე; ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო რაც შეეხება თბილისს – სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება.
როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, ყრილობას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე.
თაქთაქიშვილს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი.

"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ცნობით, ყველა ხარჯს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი გაიღებს და შესაბამისად, აუდიტის სამსახურს გეგმიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ.