ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მსახიობი შარლიზ ტერონის სახელი კარგად არის ცნობილი კინოს მოყვარულებისათვის. ამ მომხიბვლელი ქალბატონის ცხოვრებაში რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფიული ფაქტია, რომელიც ფართო წრეებისათვის ნაკლებად არის ცნობილი.
ბავშვობაში გოგონამ უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა. მის თვალწინ დედას შემოაკვდა მამა, როცა იგი უგონოდ მთვრალი ცდილობდა ცოლ-შვილი თოფით ამოეხოცა. საბედნიეროდ, სასამართლომ გაამართლა საცოდავი ქალი, რომელიც ლოთმა ქმარმა ლამის გააგიჟა. ამ უბედურების შემდეგ დედამ თავი გადასდო ერთადერთი ქალიშვილისთვის.
შარლიზი გაიზარდა სამხრეთ აფრიკაში, ფერმაში სადაც ტელევიზორიც არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, საბალეტო სკოლა იყო და ემოციურმა და პლასტიკურმა გოგონამ მალე ყველას შეაყვარა თავი. შესაძლოა ცნობილი ბალერინაც გამხდარიყო, მაგრამ 18 წლისამ მუხლი სერიოზულად დაიზიანა და დასრულდა კიდეც მისი საბალეტო კარიერა.
მსახიობი ბედნიერი შემთხვევის წყალობით გახდა. ჰოლივუდში რამდენიმე თვე ამაოდ ეძებდა სამუშაოს, მერე ნიუ-იორკში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მოდელად გამოდიოდა. გამგზავრების წინ ბანკში შევიდა ფულის გადასახურდავებლად, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო უარი უთხრეს. შარლიზმა ისეთი ყვირილი ატეხა, რომ ერთბაშად მიიქცია დარბაზში მყოფთა ყურადღება. მათ შორის კინოსტუდიის თანამშრომელიც აღმოჩნდა, რომლის საქმეც სწორედ მსახიობების შერჩევა იყო. მანაც დაუფიქრებლად შესთავაზა ტერონის კინოში გადაღება.
შარლიზი გულმოდგინედ ცდილობდა სამხრეთ აფრიკული აქცენტისაგან თავის დაღწევას. პედაგოგის ფული არ ჰქონდა, ამიტომ თავადვე მუშაობდა საკუთარ თავზე. საათობით იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას.