ხარატიშვილი: ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს

ხარატიშვილი: ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრგვალი  მაგიდის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები ემიგრანტებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის და პარტიული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების წესებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ხარატიშვილის თქმით,  არჩევნების დღე ერთია და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო დღე ხმის მიცემის პროცესში ხელის შემშლელი არ იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე საკითხები პრობლემები და აქტუალური თემებიც განიხილება. 

„ჩვენ ვისაუბრებთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე,  თუ როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ წინასაარჩევნო პროცესი. ასევე განვიხილავთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესსაც. ვფიქრობ. რომ მნიშველოვანია ამგვარი დიალოგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მოდერატორობით მიმდინარეობს. შეხვედრას ორგანიზებას  IRI უწევს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ იმ მოტივით, რომ 1-ელი ოქტომბერი ორშაბათია, მოითხოვა, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნების დრო შეიცვალოს. ამ მოთხოვნით მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართეს.