მამუკა არეშიძე:  დივერსანტთა ნაწილი მოულოდნელად იყვნენ დახოცილნი

მამუკა არეშიძე: დივერსანტთა ნაწილი მოულოდნელად იყვნენ დახოცილნი

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ  for.ge -ის პრესკლუბში  ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე ისაუბრა.

არეშიძის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა  პასუხგაუცემელი  და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსიაც ვრცელდება.

მისი  განცხადებით, ყველაზე მყარი ვერსია, რომელსაც  საზოგადოება, ისე როგორც თელავის  ასევე ახმეტის  იზიარებს ისაა, რომ ეს რაზმი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიდიოდა და არა  და  პირიქით,  როგორც თავდაპირველად საზოგადოების დაჯერებას ცდილობდნენ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ  ეს რაზმი კვალიფიცირებული  მეომრებით იყო დაკომპლექტებული, რასაც მისი თქმით, თუნდაც მათი შეიარაღება მოწმობს.

„ ვცდილობ,  ამ ჯგუფის კვალიფიცირებულობას გავუსვა ხაზი.  განსაკუთრებით მათ კვალიფიკაციას ამტკიცებს ის ფაქტორი,  რომელსაც  ნაკლები ყურადღება მიექცა ჟურნალისტების მხრიდან.  ესაა შეიარაღება. პრაქტიკულად,  ეს რაზმი შეიარაღებული იყო მაღალი დონის იარაღით,  რომლითაც ელიტარული სპეცნაზებია შეიარაღებული. რუსული წარმოების იარაღი,  სნაიპერული შაშხანები და ავტომატები ჩვეულებრივი  მოვლენაა, მაგრამ საინტერესოა ის, რომ მათ ჰქონდათ, მაგალითად,  ავსტრიული შაშხანა, რომლის ფასი დაახლოებით 300 დოლარია, ტეპლოვიზორი -ღამის და დღის ხედვის აპარატი,  რომლის ფასი დაახლოებით 8000 დოლარია. აღსანიშნავია ის,  რომ  ამ იარაღის ხმარებას ერთ და ორ დღეში ვერ ისწავლი. სულ მცირე,  ამის შესწავლას თვენახევარი მაინც სჭირდება.  ეს მიგვანიშნებს იმაზე,  რომ ეს რაზმი წინა დღეს არაა შეგროვებული.  ასევე ყურადღება მისაქცევია ფაქტი, რომ თითოეულ მათგანს დაახლოებით,  50 კგ ტვირთი მიჰქონდა,  რაც მანიშნებელია იმისა, რომ ეს ადამიანები ძალიან სერიოზულ საქმეზე მიდიოდნენ“, - განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ამ რაზმის აღჭურვისა და მომზადების  დონე იმდენად მაღალი იყო, რომ  ამ კონკრეტულ ბრძოლაში,  1 დღის განმავლობაში,  11 კაცს არ დაკარგავდა.

„აქედან გამომდინარე,  უკვე შეიძლება გაკეთდეს გარკვეული დასკვნა,  რომ იქ ისეთი რამ მოხდა, რაც ოფიციალურ ვერსიას არანაირად არ მიესადაგება.  ამის თაობაზე არსებობს ვერსიები და ყველაზე მარტივი ვერსია ისაა, რომ  მათი მცირე ნაწილი  მოულოდნელად იყვნენ დახოცილნი. არ ელოდნენ. ამ მოულოდნელობის ეფექტს ირიბად მოწმობს გვამების  ყოფნა საძილე ტომრებში და ასევე ის, რომ ზოგიერთს ძალიან ბევრი ტყვია აქვს მოხვედრილი. ბრძოლაში  ეს ძალიან იშვიათია,  თუ მოულოდნელობის ეფექტი არაა და თუ უიარაღო არ ხარ“, - განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით,  ყველა გარკვეულ ინფორმაციას ელოდება. „ყველას აქვს კითხვა რა მოხდა სინამდვილეში, რადგან ოფიციალური ვერსიისა არავის სჯერა,  არაოფიციალურ ვერსიებში  კი,  წინააღმდეგობებია“, - განაცხადა არეშიძემ.