არეშიძე: შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე გადარჩენილი წევრი  ხელისუფლებას ე.წ მოდულის შენობაში ჰყავს

არეშიძე: შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე გადარჩენილი წევრი ხელისუფლებას ე.წ მოდულის შენობაში ჰყავს

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ვარაუდით,  ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,  დაკავებული შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე გადარჩენილი წევრი  ხელისუფლებას ე.წ მოდულის შენობაში ჰყავს. ამის შესახებ, არეშიძემ დღეს for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არეშიძის თქმით, სავარაუდოდ, დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომელთა შორის სავარაუდოდ, ერთი მომლაპარაკებელია, მეტსახელად  კი,  „ცალხელა აჰმედი“.

არეშიძის განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლებას საჭირო ინფორმაციის მისაღებად სჭირდება.

ჯგუფის სხვა გადარჩენილ წევრებს რაც შეეხება,  არეშიძის ინფორმაციით, ოთხი მათგანი სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.

„პანკისში ერთ-ერთი დივერსანტის მიერ,  გაისმა ზარი და თქვა უკვე სირიაში ვართო.  ამ რაზმის წევრები ლეგენდას ავრცელებენ,  რომ სირიაში არიან, თუმცა ეს მე ნაკლებ სარწმუნოდ მეჩვენება“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით,  საქართველო-დაღესტნის საზღვარზე დივერსანტთა ჯგუფი აღმოაჩინეს,  რომელმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა. სპეცოპრაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო.