რასმუსენი: 2008 წლის კონფლიქტის მიზანი თუ ნატო-ს გაფართოებაში ჩარევა იყო, ეს გეგმა ჩავარდა

რასმუსენი: 2008 წლის კონფლიქტის მიზანი თუ ნატო-ს გაფართოებაში ჩარევა იყო, ეს გეგმა ჩავარდა

ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე,  რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, რომ არა 2008 წელს რუსეთის ჩარევა,  ნატო ახლა აღმოსავლეთით გაფართოებული იქნებოდა, განაცხადა, რომ  თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი ნატო-ს გაფართოებაში ჩარევა იყო, ეს გეგმა ჩავარდა.

„თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩარევა განხორციელებულიყო ნატო-ს გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს ჩავარდა, რადგან არც ერთ მესამე ქვეყანას არ შეუძლია ამ საკითხში ჩაერიოს. ეს არის ნატო-ს გადასაწყვეტი. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ერთგული ვართ პრინციპების და ვთვლით, რომ თითოეულმა ერმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს ნატო-სთან ურთიერთობის საკითხი“, - განაცხადა რასმუსენმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ პრინციპს პატივს სცემს.