რამაზ საყვარელიძე: აშშ-ის  სენატის დელეგაციის ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეული დატვირთვა აქვს

რამაზ საყვარელიძე: აშშ-ის სენატის დელეგაციის ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეული დატვირთვა აქვს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საქართველოში  ამერიკის სენატის დელეგაციის ვიზიტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეული დატვირთვა აქვს. საყვარელიძე ამ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს. პოლიტოლოგის განცხადებით, საყურადღებო ისაა, რომ მათ პოლიტიკური ტაქტი არ დაარღვიეს და პირველი  შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს.

„ნებისმიერი, მითუმეტეს საკმაოდ,  სახელიანი პოლიტიკოსების ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.  მითუმეტეს,  ეს არის ვიზიტი იმ პოლიტიკური ძალის - აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისა, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოში მკაფიოდ  უჭერენ მხარს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას კერძოდ,  „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო ზუსტად კი, მის ლიდერს და ყოველთვის ცდილობენ მას მხარში ამოუდგნენ. ასე რომ ამ ვიზიტს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც გარკვეული დატვირთვა აქვს.  საყურადღებო მართლაც ისაა, რომ მათ პოლიტიკური ტაქტი არ დაარღვიეს და პირველი  შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ანუ მათი ტენდენციურობა საქართველოში მათ მოღვაწეობას არ ეტყობა და ამით ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ზოგადად, ქვეყანს უჭერენ მხარს უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა საყვარელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის  ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან, როგორც ხელისუფლებასთან ისე ოპოზიციასთან დიალოგი საინტერესო და სასარგებლო იქნება.