ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოძის შეფასებით, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ბევრის მთქმელია.
ჭყოიძის განცხადებით, ფაქტი, რომ ძალიან მოკლე დროში, ეს საქართველოში მისი მესამე ვიზიტია, საქართველოსთან მის განსაკუთრებულ ინტერესს უსვამს ხაზს.
მისივე თქმით, რასმუსენის განცხადებებიდან აშკარად გამოიკვეთა ნატოს პოზიცია და მზაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პრაქტიკულად კარი გაუღოს.
„როგორც წესი, თუ ნატოს განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს ნატოს არა წევრი ქვეყნის მიმართ, ასე ხშირად ნატოს გენერალური მდივანი არ სტუმრობს ხოლმე ქვეყანას. გარდა ამისა, რასმუსენის განცხადებებიდან აშკარად გამოიკვეთა ნატოს პოზიცია და მზაობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პრაქტიკულად კარი გაუღოს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესია მიმართული, არჩევნების სტაბილურ და ევროპული სტანდარტების ჩარჩოების ჩატარების თვალსაზრისით, რაც პრაქტიკულად, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მწვანე შუქს მისცემს“, - განაცხადა ჭყოიძემ.
ჭყოიძის თქმით, ძალიან საყურადღებო იყო რასმუსენის განცხადება, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ნატოს გაფართოებაზე 2008 წლის აგრესიას არანაირი გავლენა არ მოუხდენია და რომ ნატო არაა განწყობილი, რუსეთს მისცეს უფლება ნატოს გაფართოება შეაჩეროს.
„ეს ნიშნავს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ნატოს გაფართოების ან არ გაფართოების თაობაზე. მისი განცხადება ნიშნავს, რომ ნატოს გაფართოებაზე ამ აგრესიას არანაირი გავლენა არ მოუხდენია და მეორე, ის რომ ნატო არაა განწყობილი იმისთვის, რუსეთს მისცეს უფლება შეაჩეროს ნატოს გაფართოება, თუკი ეს ამ ორგანიზაციას სურს“, - განაცხადა ჭყოიძემ.