თარგამაძე: საარჩევნო კამპანიის დროს მაღალი  რანგის დელეგაციის ვიზიტები  მნიშვნელოვანია

თარგამაძე: საარჩევნო კამპანიის დროს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტები მნიშვნელოვანია

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის,  გიორგი თარგამაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უფრო მეტად ზრდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან დღეს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა .

თარგამაძის თქმით, ეს არის ძალიან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, მათი მთავარი მიზანია 1-ელ ოქტომბერს საქართველო გავიდეს სამშვიდობოს და ამ არჩევნებმა მისცეს ბიძგი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და აღნიშნა, რომ დღეს სწორედ ამისათვის იბრძვიან.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უფრო მეტად ზრდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს გაზრდის ინვესტორების აქტიურობას, უფრო მეტი ფულის ჩადებას ქართულ ეკონომიკაში და ქართველი ხალხის დასაქმებას. ეს სურვილი და გეგმა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეცდებით საკუთარ ამომრჩევლებთან ერთად, საკუთარი სიტყვა და ხმა აქტიურად მივაწვდინოთ მთელ მსოფლიოს და აქტიურად გავაგონოთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - როგორი იქნება საქართველოს მომავალი“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, აუცილებელია დამთავრდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა და თანამშრომლობით, თუ ერთმანეთთან პოზიციების შეჯერებით, ქვეყანა წინ წაიყვანონ.

„ეს არის ის სურვილები და რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან მოვისმინეთ. ასევე, საინტერესო იყო, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ-ს ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც, რომელიც ძალიან საინტერესო დროს ჩამოვიდა საქართველოში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

აშშ-ს დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, "ქრისტიან-დფემოკრატიული" მოძრაობის ლიდერებს დღეს შეხდა. შეხვედრა დახურული იყო და მას "ქდმ"-ს ლიდერები - გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ.