ბიძინა ივანიშვილი: ბატონ მაკკეინს ისიც ვუთხარი, რომ რუსეთში არსებული ჩემი ქონების ბოლო ნაწილიც გაიყიდა

ბიძინა ივანიშვილი: ბატონ მაკკეინს ისიც ვუთხარი, რომ რუსეთში არსებული ჩემი ქონების ბოლო ნაწილიც გაიყიდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით  აშშ-ს სენატორების შეხვედრა უკვე დასრულდა. შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შეხვედრას ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

კოალიციის ლიდერებმა სენატორებს საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნეს.  სენატორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ,  კოალიციის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვეს.

როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის სენატორებს ძალიან აინტერესებდა, თუ ვინ იყო ის რეალურად.

„ძალიან აინტერესებდათ ვინ ვიყავი რეალურად და მოვუყევი. აინტერესებდათ რუსეთში ჩემს ქონებასთან  დაკავშირებით,  რასაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ატრიალებენ და  სააკაშვილი მუდამ  გაიძახის,  როგორ და რანაირად გაყიდაო. ბატონ მაკკეინს ისიც ვუთხარი, რომ რუსეთში არსებული ჩემი ქონების ბოლო ნაწილიც გაიყიდა. სოფლის მეურნეობა გუშინ,  ამერიკულმა ფონდმა შეიძინა.  ძალიან კარგად დაინახეს,  კრემლის აგენტი და სხვა რაღაცები, რასაც ხელისუფლება გაიძახის სიცრუეა.  ნახეს,  ძალადობისა და სიცრუის ფაქტები,  რომელიც ჩვენ გავაცანით.

მათ იმედი გამოთქვეს,  რომ მიუხედავად ყველაფერ ამისა,  ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ და  ქვეყანას არჩევნებამდე მივიყვანთ. აუცილებლად დემოკრატიულად,  არჩევნების გზით  მოვახერხებთ და ამ  ხელისუფლებას ჩავანაცვლებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.