მსახიობებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე “მანანას” გადაღება მიმდინარეობდა. მომხიბვლელი ქურთი გოგონა იქაურ ქურთებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. აღტაცებულები შესცქეროდნენ. მისი ყოველი ჟესტი და მიმიკა ისე ნაცნობი იყო მათთვის, რომ მოთმინების ფიალა აევსოთ, თავისთან იხმეს და ჰკითხეს: “გოგო, შენ სადაური ქურთი ხარ?: “ახლა არ მცალია, ვმუშაობ” – უპასუხა მედეა ჩახავამ და გაეცალა. მეეზოვე კოლეგებს იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ იხმეს “თანამემამულე” მსახიობი: “მაინც ვინ ხარ, სადაური ხარ, სად გიპოვნოთ?”. მაშინ მედეამ სარესებური ქართულით ჩაურაკრაკა: “თავი დაანებე, კასო, მე აქაური იეზიდი არ არის, მე ჩამოსული იეზიდი არის” და კისკისით გაეცალა იქაურობას.
ამ დროს ქალბატონ მედეას უკვე შესრულებული ჰქონდა სარეს როლი კიტა ბუაჩიძის კომედიაში “ეზოში ავი ძაღლია”. ისეთი დინამიკური და ცეცხლოვანი იყო სარე-ჩახავას ყველა სცენა და დიალოგი სპექტაკლში, რომ შემდგომში ბატონი კიტა ბუაჩიძე წერდა: “მეეზოვე სარე მედეა ჩახავას შესრულებით ყველაზე უნაკლოა, მათ შორის, რომლებიც მე მინახავს. მე კი მინახავს სარე ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ სცენებზე”.
წინა წერილში ბატონი ზურა ყიფშიძის რამდენიმე მოგონება შემოგთავაზეთ. დღეს თქვენს სამსჯავროზე მის მიერ მოყოლილ კიდევ ერთ სახალისო ისტორიას გამოვიტანთ.
“ზაფხულის ერთი მშვენიერი, მზიანი შუადღეა, კინოსტუდიაში ვარ, გადაღებას ველოდები პავილიონთან. ვხედავ, ეზოში ბატონი იპოლიტე ხვიჩია შემოდის, ჩვეულებრივად, საზაფხულო “შლაპით”. იღლიაში, ასე 5-6 კილოიანი საზამთრო ამოუჩრია, 10-12 ნაბიჯი გვაშორებს.
მიუახლოვდა გაზეთების ჯიხურს, ახალი გაზეთები უნდა შეიძინოს, ეს საზამთრო მარცხენა იღლიაში აქვს, როგორც ჩანს, ხურდაც მარცხენა ჯიბეში უყრია.
დაიწყო თვითწამება, არც საზამთროს უშვებს ხელიდან, არადა, ეკონწიალება მარჯვენა ხელით მარცხენა ჯიბეს. თვითონ წარმოიდგენთ, როგორი პროცედურაა – მარჯვენა ხელით ხურდა ფულების ამოკრეფა მარცხენა ჯიბიდან, მაგრამ იპოლიტეს რას გაუგებდი.
მოკლედ, რომ გასავათდა და აღარ ადგება საშველი, მივუახლოვდი და მივესალმე, გაუხარდა. გამიღიმა, მაგრამ წამსვე მოიღრუბლა:
- მოდი აქ შენ, ზურიკო.
მივედი.
- გამომართვი ეს საზამთრო, დამიჭირე ცოტა ხანს, გაზეთები უნდა ვიყიდო.
- კი მაგრამ, დაგედოთ ძირს ეგ საზამთრო, ბატონო იპოლიტე.
- გამომართვი და ჭკუას ნუ მასწავლი მე შენ! ძირს დადებას დახრა არ უნდა?
- კი.
- მერე აღებას დახრა არ უნდა? ორჯერ დახრა შეუძლია ჩემს წელს?!
ეჰ, აცხონოს ღმერთმა”.
ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა ალბათ არ იცის, რომ იპოლიტე ხვიჩიას ნამდვილი გვარი ყვინჩია გახლდათ.
დოდო ანთაძის ხელში ვიქეცი იპოლიტე ყვინჩია ხვიჩიადო, - იგონებდა ხშირად ბატონი იპოლიტე. ქუთაისის თეატრში მსახიობსა და დოდოს შორის შემდეგი დიალოგი გამართულა.
- მობრძანდით, დაბრძანდით, წარმომიდექით, - უთქვამს დოდო ანთაძეს. – იპოლიტე ვარ, ყვინჩია! – ააა, ყვინჩია? მოდით, შევცვალოთ ასო ყ – ხ-თი, რა მოხდება ამით, ვითომ დაშავდება რამე?!
იპოლიტეს უპასუხია, არც არაფერი! კარგი, ბატონო! თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი ყ, იქნებ ხ უფრო მოეწონოსო. აუტეხიათ ხარხარი.
დოდო აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ მის ვერელ მეგობრებს შორის დამკვიდრდდა ტრადიცია, რომლის მოთავე და სულისჩამდგმელი გურამ ლორთქიფანიძე გახლდათ – მაისის ერთ ნებისმიერ დღეს ისინი სასტუმრო “საქართველოს” გვერდით მდებარე დოდო აბაშიძის სახელობის სკვერში იკრიბებოდნენ და დიდუბის პანთეონში მსახიობის საფლავზე მიდიოდნენ. მერე კი ყველა ეს შეხვედრა, როგორც წესი, რესტორანში დოდოს გახსენებით მთავრდებოდა.
სწორედ სუფრაზე იგრძნობოდა ყველაზე მტკივნეულად დოდოს არყოფნა – იგი ხომ საოცრად ენამჭევრი, ტკბილმოუბარი, იუმორით აღსავსე უბადლო თამადა გახლდათ, რომლის მსგავსსაც ბევრს ვერ შეხვდებოდით ღვინითა და თამადობით განთქმულ ჩვენს ქვეყანაშიც კი.
აი, როგორ იხსენებდა ამ ფაქტს ცნობილი სომეხი მსახიობი ფრუნზიკ მკრტჩიანი: “ეს იყო თამადობის უმაღლესი მწვერვალი, რომლის მიღწევაც მხოლოდ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს თუ შეეძლო”.
სამწუხაროდ, ამ ქვეყნად არაფერია მარადიული. უკვე რამდენიმე წელია ეს ტრადიცია ერთობ სამწუხარო მიზეზების გამო დაირღვა – საგრძნობლად შემცირდა დოდოს ვერელ მეგობართა რიცხვი, კანტიკუნტად დარჩენილებს კი მის აღსადგენად, ალბათ აღარც ჯანმრთელობა უწყობთ ხელს და აღარც მატერიალური მდგომარეობა.
დღევანდელ წერილს მაინც მხიარულ ნოტაზე დავასრულებთ და კახი კავსაძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.
“დონ კიხოტის” გადაღებაზე რეზო ჩხეიძემ შემიკლო ხელში. წონაში უნდა მოიკლოო და დამსვა ამხელა კაცი ვაშლის და ბრინჯის დიეტაზე. უშაქრო და უმარილო ბრინჯი და ვაშლი ჭამოს ყოველდღე ჩვენმა დამაწყევარმა. 104 კილოდან 78-ზე ჩამომიყვანეს. ქვა იწვოდა ჩემი ცოდვით.
ახალციხეში ხდებოდა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება, იქ ბანკეტი მოგვიწყეს ერთ საღამოს, მთელი რაიკომი იქაა. შენც წამოდი, კახიო - რეჟისორმა. სად უნდა წამოვიდე, თუ გიყვარდე, კაცი დაფაზე ცარცით დახატულს ვგავარ-მეთქი. “დონ-კიხოტის” კოლექტივს იღებენ და უდონკიხოტოდ როგორ წავალთო? მოკლედ, დამიყოლიეს და დავყევი.
გაიშალა სუფრა, ულაწუნებს ყველა მწვადს და გოჭის რბილ-რბილ ხორცს. შემწვარი წიწილები, მოხარშული ბურვაკი, ხაჭაპურები ცხელ-ცხელი. მე დამიდეს უმარილო ბრინჯი. რავარია?
ერთი საათი გავუძელი, მეორე საათი რომ დაიწყო, შევატყე, კონტროლიდან გამოვდიოდი. ბოლოს და ბოლოს კახი ვიყავი, მართლა დონ-კიხოტი კი არა. დონ-კიხოტს გააციებს წელში ჩემი ცოდვისთვის-მეთქი, - გავიფიქრე, - ესენი როგორ მაჯობებენ, ერთ ცხვარს შევჭამ, თუ საქმეს დასჭირდა, დაუხმარებლად.
ვეღარ მოვითმინე, ვსტაცე ხელი ქათმის ბარკალს და მივაყოლე შეგრილებული ხაჭაპური. სანამ ვინმე ყურადღებას მომაქცევდა მწვადიც ვიდურთე პირში და ღვინო რომ მივაყოლე, “ჩამიშვა” ვიღაც ენაგასახმობმა.
- მღუპავ? – იყვირა რეზო ჩხეიძემ და დაიძრა ჩემსკენ ორი ასისტენტი.
- არ დაგანებებთ, - შევიტენე პირში ხორციანი “პერაშკი”. ერთი ასისტენტი ვერ მომერეოდა, მეორე ჯერ შორს იყო. ვეცი ისევ ღვინოს და გამიკავეს კიდეც ხელები. გვიანი იყო, დანაყრებულიც გახლდით და გამობრუჟულიც.
ასეა, მსახიობი რეჟისორის ტყვეა, მონაა. ზოგს ჰგონია, რა კარგი პროფესიაა, ერთობი და ფულს იღებო, არაა ბაბაია მასე, არა.”