ილია მეორე: ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას

ილია მეორე: ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოლნისის ეპარქიაში სტუმრობისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სამშვიდობოს გავა და ყველაფერი კარგად იქნება.

პატრიარქმა ბოლნისის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.

„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ სამშვიდობო გზაზე გავალთ. ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას“,  - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბოლნელი ეპისკოპოსის, ეფრემის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი ხელით აღადგინა ბოლნისის წმინდა ეპარქია.

„დაუღალავი შრომისა და გაციებული კერის აღდგენისთვის“ პატრიარქმა ეფრემ ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მთავარეპისკოპოსმა კი ილია მეორეს ბოლონური ჯვარი უსახსოვრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის ეპარქიას მოსალოცად დღეს ეწვია. ასევე, ილია მეორე კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს ესტუმრება, კაზრეთის სამების ტაძარს, ასევე რაჭისუბანს მოილოცავს და სოფელ რატევანის მოსახლეობას შეხვდება.