აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით უკვე თბილისშია

აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით უკვე თბილისშია

აშშ–ის სენატის დელეგაცია, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელძღვანელობს, უკვე საქართველოშია. სტუმრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12.00 საათისთვის დაეშვა.  გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრა „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებთან.

ვიზიტის ფარგლებში სენატორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდებიან, სადაც აშშ–საქართველოს ურთიერთობები განიხილება. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია", სამხრეთი კაროლინა).

სენატორი მაკეინი 1986 წლიდან აშშ–ის სენატისა და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ–ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.

სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრია, სენატორი გრემი კი - სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ–ის საგარეო დახმარებას კურირებს. სენატორი გრემი არის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა, აგრეთვე სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიც.

ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.