ჯარისკაცი თვითმკვლელობამდე სერჟანტმა მიიყვანა

ჯარისკაცი თვითმკვლელობამდე სერჟანტმა მიიყვანა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა ხაშურში მცხოვრებ სერჟანტ თენგიზ გელაშვილს გურჯანში მცხოვრებ 19 წლის კობა მახარაშვილს თვითმკვლელობამდე მიიყვანაში ადანაშაულებს და მისთვის 4 წლით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, დაკავებული 1986 წელს დაბადებული ხაშურში მცხოვრები თენგიზ გელაშვილი და გარდაცვლილი კობა მახარაშვილი მე-5-ე ქვეით ბრიგადაში 51 ბატალიონში მსახურობდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი, 5 სექტემბრს, გორში გაიმართა. ბრალდებული წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მან რიგით მახარაშვილს სახეში მხოლოდ ორჯერ გაარტყა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს კითხვით მიმართა, წარდგენილ ბრალდებაში ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ „ თავს დამნაშავედ ვცნობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ ჯარისკაცი რომელიც დაიღუპა, იმას მარტო 2-ჯერ გავარტყი სახეში ხელი, თვითმკვლელობამდე მე არ მიმიყვანია და არც მიწამებია“, - უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა გელაშვილმა.

სასამართლო პროცესზე დაღუპული კობა მახარაშვილის ახლობლებიც იმყოფებოდნენ. სასამართლოს მიმდინარეობისას ისინი თავს ვერ იკავებდნენ და ბრალდებულის მიმართ ხმამაღლა რეპლიკებს გამოთქვამდნენ. ისინი ამბობენ, რომ კობა მახარაშვილი მოკლულია და თავი არ მოუკლავს და ამ მკვლელობაში დამნაშავე სწორედ ბრალდებულია.

„როგორ შეიძლებოდა გაბრაზებულ ადამიანს იარაღი ხელში ჭეროდა და ის იმ ადამიანისთვის არ ესროლა, ვინც ის წყობიდან გამოიყვანა? სერჟანტის ნაცვლად საკუთარი თავი მოიკლა? ცხედარი რომ ჩამოასვენეს გურჯაანში, გარდაცვლილს მთელი სხეულის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, სასტიკად იყო ნაწამები, ბავშვს თავი არ მოუკლავს, ის მოკლულია და მკვლელს მხოლოდ ოთხი წელი უნდა გაატარებინონ ციხეში? დედამისი სასამართლოზე ვერ წამოვიყვანეთ იმის გამო, რომ ის თავს ვერ შეიკავებს და რამე საშინელება მოხდება ვიცით“, – გვითხრა გარდაცვლილის მამიდამ.

პროკურატურის მიხედვით, 2012 წლის 12 ივლისს მე-5 ქვეით ბრიგადაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სერჟანტმა გელაშვილმა რიგით ჯარისკაცს 19 წლის კობა მახარაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით სახეში ორჯერ გაარტყა (ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო) რის შემდეგაც 19 წლის კობა მახარაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას პირის ღრუში კალაშნიკოვის ავტომატის ცეცხლსასროლი იარაღით ტყვია აქვს ნასროლი.

კობა მახარაშვილი 2012 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა.