კაპანაძე: ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ 4 აღიარების მიღწევა შეძლო

კაპანაძე: ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ 4 აღიარების მიღწევა შეძლო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება არ მოადუნოს და იმ ზრახვების თავიდან აცილება მოახერხოს, რომელიც რუსეთს აქვს.

დიპლომატები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ამ საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობებს ამბასადორიალზე დღეს განიხილავენ.

„ჩვენი თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ 4 აღიარების მიღწევა შეძლო.  დღეს გვექნება საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაზე. კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელიც ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაციისგან მოდის და რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა ამ საკითხების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ოთხმა ქვეყანამ – ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ აღიარა“, - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი დღეს უშიშროების სახელმწიფო მდივანს გიგა ბოკერიას და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

მისი თქმით, სენატორების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც აშშ გამოხატავს.

„მინდა, აღვნიშნო ამერიკელი სენტორების ვიზიტის მნიშვნელობა. თბილისს დღეს ეწვევიან მაკკეინი, ლიბერმანი და გრემი. მათ ექნებათ ლანჩი გიგა ბოკერიასთან, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ დიდ დროს დაჰყოფენ და ეს ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების და კონკრეტულად ამ სენატორების მხარდაჭერის უპრეცედენტო დადასტურებაა“, - განაცხადა კაპანაძემ.