პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს ახალ „3ტ“-ს პრინციპზე (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგები და ტოტალური თავდაცვა) დაფუძნებული კონეცეფციის ერთ-ერთ კომპონენტზე - „ტოტალურ ზრუნვაზე“ ისაუბრა. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელსაც აღნიშნული კომპონენტი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით,  „ტოტალური ზრუნვა“ მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე არამედ, მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში მკვეთრად გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ, ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. პირს, რომელიც საკონტრაქტოსამხედრო სამსახურს მეორე ვადით გააგრძელებს, დაუფინანსდება მაგისტრატურაში სწავლება.

სამხედრო მოსამსახურეებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერისა და ინგლისურის ენის სწავლის ვაუჩერი, ხოლო 20 წლის სამხედრო სამსახურის შემთხვევაში პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წლის მსახურის შემთხვევაში, პენსიამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბოლო ერთი წლის სრულ ხელფასს პრემიის სახით.

16 წლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში თავდაცვის სამინისიტროსახელმწიფო გრანტის ოდენობით უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის შვილების ბაკალავრიატში სწავლებას.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით. საცხოვრებელ ფართს მიიღებს სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებული საბრძოლო ღვაწლისთვისაც.