ამბასადორიალზე დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს განიხილავენ

ამბასადორიალზე დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს განიხილავენ

ამბასადორიალის დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამბასადორიალის პირველი დღის მუშაობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, განსახილველი ძირითადი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აღნიშნულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკაა.

ვაშაძის განცხადებით, ამის შემდეგ ამბასადორიალს სიტყვით მიმართავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მთავრობის წევრები, ხოლო შემდგომ დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიმართვა ამბასადორიალის მონაწილეებისადმი. 

როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გააქტიურებითაა დაინტერესებული. 

„ჩვენ განვიხილავთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობის როლის გააქტიურება კონფლიქტების მოგვარების საკითხში“ - განაცხადა სამადაშვილმა. 

მისივე თქმით, ამბასადორიალის ფარგლებში, დღეს ეკონომიკური ბლოკიც იგეგმება, სადაც საუბარი შეეხება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და სხვადასხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დიპლომატიური წარმომადგენლობების როლს. 

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.