ოპოზიციონერი დეპუტატები საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან

ოპოზიციონერი დეპუტატები საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან

საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" ხვალ 5–დღიანი ვიზიტით საბერძნეთში მიემგზავრება. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ათენში ქართული დიასპორის ორგანიზებით სპეციალური  კონფერენცია ეწყობა.

კონფერენციის მთავარი თემა არის წინასაარჩევნო გარემო საქართველოში და საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ 11 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს არჩევნებში რეგისტრაციის გასავლელად  ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ესაჭიროებათ.

 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთში საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წარმომადგენლები: კარლო კოპალიანი, რომან მარსაგიშვილი  და დიმიტრი ლორთქიფანიძე მიემგზავრებიან.

 "მინისტრ გრიგოლ  ვაშაძის ამ ბრძანებამ პროტესტი არა მხოლოდ საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებში გამოიწვია, არამედ სრულიად  ქართულ დიასპორებში. საბერძნეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა, რომელთა რიცხვი 150 ათასს აჭარბებს, გადაწყვიტეს ამ საკითხს სპეციალური კონფერენცია მიუძღვნან", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დეპუტატები საბერძნეთში არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიწვევით მიემგზავრებიან.