რადოსლავ სიკორსკი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე

რადოსლავ სიკორსკი: მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე

პოლონეთი და შვედეთი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ და შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა დღეს გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც  სასტუმრო "რედისონში" შედგა.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და გაიზარდა პარლამენტის უფლებები. მისი თქმით, შთამბეჭდავია, რომ საქართველო ცოცხალი ქვეყანაა და ეკონომიკური პროცესები სწრაფად ვითარდება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საგარეო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩატარებული.

„ეს ნიშნავს საქართველოს სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას ყველაზე მსხვილ ევროკავშირის ეკონომიკასთან. დღეს ასევე ვსაუბრობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები პოლონეთშიც გვქონდა“-განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, მიმოსვლასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ბარიერები უნდა დაირღვეს და გადაადგილება გაიოლდეს. მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხში მთავარია ტექნიკური პირობები სრულად დაკმაყოფილდეს.

გარდა ამისა, სიკორსკი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე.

„საქართველოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია საუბრობს, რომ საქართველოს მთელი სამყარო უყურებს და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალე არჩევნების მაგალითი და ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი არჩევნები, რომელიც ყოფილა საქართველოში“, - განაცხადა მან.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, ამ არჩევნებს 2 000-მდე დამკვირვებელი დააკვირდება, რაც არის ძალიან დიდი რიცხვია. 

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საარჩევნო პროცესის განვითარებას. ბევრი რამ გაკეთდა. არჩევნები არ არის იდეალური, მაგრამ იმედია, რომ ვითარება გაუმჯობესდება და ეს უნდა იყოს იმაზე უკეთესი არჩევნები, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. ასევე უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე ჩატარებულა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში", - განაცხადა ბილდტმა.