„მეცხრე არხი

„მეცხრე არხი" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „მეცხრე არხი" ავრცელებს. 

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში ცნობილი სახეებით დააკომპლექტა, რომლებიც არხს სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლების დაცვაში დაეხმარებიან.

მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და "ვუდროუ ვილსონის ცენტრის" ყოფილი პრეზიდენტი; ლარი კინგი, CNN-ზე "ლარი კინგის შოუს" წამყვანი და ქველმოქმედი; გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი; რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები გაერთიანდენ. მისი თქმით, ტელეკომპანია „მეცხრე არხის" მენეჯმენტი და თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ არხის მრჩეველთა საბჭოში გამორჩეული ადამიანები, საერთაშორისო ჟურნალისტები, მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ადამიანის უფლებათა დამცველები შევიდნენ.

„მეცხრე არხი" ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ "მეცხრე არხს" გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლება",-განაცხადა კახა ბექაურმა.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით კომენტარი ლარი კინგმაც გააკეთ, სადაც აღნიშნავს, რომ ეამაყება, რომ "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. მისი თქმით, თავისი კარიერის ქვაკუთხედს როგორც ჟურნალისტისა და მედიაკომენტატორისთვის, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს.

„მეცხრე არხი", როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას - ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ",-აღნიშნა ლარი კინგმა.

ყოფილი კონგრესმენის ლი ჰამილტონის განცხადებით, ის მზადაა, როგორც "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრმა, საქმიანობა დაიწყოს. 

„მე, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გრძელვადიანი დამკვირვებელი, საკმაოდ მაშფოთებს მთავრობის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა და ყოველგვარი ის ძალადობა, რაც თავისუფალი პრესის განვითარებასა და მოქალაქეების მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვას ზღუდავს. "მეცხრე არხი" წარმოადგენს ახალ, მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ხმას, რომელიც იცავს საქარველოს მოსახლეობის უფლებებს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგა-საბჭოს წევრებსა და "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობასთან მუშაობას, რომლის მთავარ მიზანს თავისუფალი სიტყვისა და აზრის დაცვა წარმოადგენს",-განაცხადა ლი ჰამილტონმა.

"მეცხრე არხის" ცნობით, მრჩეველთა საბჭოს წევრი ლეს გელბი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი და გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი:

„თავის დროზე ამერიკელი ხალხი ვარდების რევოლუციის პრინციპებსა და იდეალებს – ქართველ ხალხს ეცხოვრა სიმშვიდეში და თავი დაცულად ეგრძნო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - სიტყვით და საქმით მხარს უჭერდა. როგორც ჟურნალისტი, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელყოფის გამო. ტელეკომპანია "მეცხრე არხი" დამოუკიდებელი და თავისუფალი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. როგორც ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ მედიის თავისუფლებას საქართველოში", -განაცხადა ლეს გელბიმ.

არხი რობერტ მენარდის, ფრანგი ჟურნალისტისა და პრესის თავისუფლების დამცველის კომენტარსაც ავრცელებს.

„მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი მედიის დაცვას დავუთმე. ტელეკომპანია "მეცხრე არხი" წარმოადგენს კეთილ ინიციატივას, რომელიც ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას შესთავაზოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ინფორმაციისა და ახალი ამბების წყარო. თუმცა, წმინდა პოლიტიკური მოტივებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ტელეკომანია "მეცხრე არხს" მიზნების განხორციელებაში. გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი ამ საბჭოს წევრი, განაპირობა ჩემმა სურვილმა გლობალური ყურადღება მომეზიდა იმ გამოწვევებზე, რომელსაც "მეცხრე არხი" აწყდება მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ხელისუფლების მხრიდან",-აღნიშნა რობერტ მენარდიმ.

რაც შეეხება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორ გიორგი მარგველაშვილს, მისი განცხადებით, "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრობა მისთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემს ქართველ, ამერიკელ თუ ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალ-ღონეს არ ვიშურებდი ახალი თაობის ჟურნალისტების პროფესიული აღზრდისათვის, რამეთუ გვჯეროდა, რომ მაღალი სტანდარტების მქონე ჟურნალისტიკა საქრთველოს დემოკრატიისა და ძლიერი მომავლის უტყუარი გარანტი იქნებოდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს დიდ დაბრკოლებას უქმნის, უგულებელყოფს ურთიერთგაკონტროლების სისტემას, ასუსტებს საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლოს სტრუქტურას. ხელისუფლება მსგავს კამპანიას აწარმოებს თავისუფალი მედიის მისამართითაც“, - განაცხადა მან.