პარლამენტის „ც“ კორპუსში მომუშავე თანამშრომლები ხვალიდან სამუშაო ოთახებს დაცლიან

პარლამენტის „ც“ კორპუსში მომუშავე თანამშრომლები ხვალიდან სამუშაო ოთახებს დაცლიან

პარლამენტის „ც“ კორპუსში მომუშავე აპარატის თანამშრომლები ხვალიდან სამუშაო ოთახებს დაცლიან და მხოლოდ რამდენიმე ოთახში გადანაწილდებიან.

from.ge-სთან საუბარში პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიგაურმა განმარტა, რომ

პარლამენტი ქუთაისში გადადის და გადასვლის პროცესი ეტაპობრივია, თავიდან მოხდა ინვენტარიზაცია, აღრიცხვა, მასალების დაარქივება, შემდგომ კი ამ ინვენტარის გატანა, ჩამოწერა მოხდება.

„შესაბამისად, საჭიროა, რომ ოთახები დაიცალოს. რაც შეხება თანამშრომლებს, თანამშრომლები,  უკლებლივ ყველა,  სამსახურეობრივ ადგილებზე რჩებიან. შენობა იცლება და ეს გასაკვირი არ არის. პირველად „ც“ ფლიგელის დაცლა დაიწყო და საბოლოო ჯამში, მთელი შენობა დაიცლება“, – აღნიშნა გიგაურმა.  

მისივე განმარტებით, ვიდრე ქუთაისში პარლამენტის თამშრომლებისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობა არ დასრულდება, თბილისში,  პარლამენტის შენობა არ იცლება.

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კომიტეტისთვის, დატოვებული იქნება გარკვეული ოთახები, იმიტომ რომ სამუშაო პროცესი არ ჩავარდეს“, – აღნიშნა გიგაურმა და დაამატა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტში 4 ოთახი, მათ შორის ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი იქნება დატოვებული.

„ეს არ ნიშნავს, რომ აპარატის თანამშრომლებს ვინმე სახლში უშვებს ან უხელფასო შვებულებაში, ეს აბსურდია“, – აღნიშნა გიგაურმა.  

პარლამენტის „ბ“ კორპუსი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიც არის,  ყველაზე გვიან დაიცლება.

მიუხედავად იმისა, რომ მაკა გიგაურის სამუშაო  ოთახი „ბ“ კორპუსშია,  თავად ამბობს, რომ პირადი ნივთები ოთახიდან უკვე მიაქვს.