მერაბიშვილმა სოფელ კარდენახში რთველში მიიღო მონაწილეობა

მერაბიშვილმა სოფელ კარდენახში რთველში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახს ეწვია და აფრიაშვილების ოჯახის წევრებთან  ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა.
შემდეგ, პრემიერი ოჯახის უფროსთან ერთად კოტეხის ღვინის ქარხანას ეწვია და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. ქარხნის წარმომადგენლის განცხადებით, კოტეხის ღვინის ქარხანას დღეში 150 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. 

„ანალოგიური სიმძლავრის ქარხნები ველისციხეში, ზეგანში და გურჯაანში ამოქმედდა, რამაც გურჯაანის რაიონში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პრობლემა მოხსნა“, - აცხადებენ ისინი.

მერაბიშვილის თქმით, კახეთი სტიქიამ უკვე ორჯერ დააზარალა და ამდენად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების თანხა გასულ წელთან შედარებით, შავ ყურძენზე 25 თეთრიდან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრ ყურძენზე 15 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზრდება.
„კახეთის რეგიონში გაიხსნება ყურძნის ჩამბარებელი 55 პუნქტი, სადაც 1 კგ შავი ყურძნის ჩაბარება 1 ლარად იქნება შესაძლებელი. კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც შეისყიდიან, რომლის ფასი 1 კგ-ზე 35 თეთრიდან დაიწყება“, - განაცხადა მან.

ყურძნის ჩაბარების შემდეგ, კარდენახელ გლეხს ქარხანაში ვაუჩერი გადაეცა, რომელიც მან ბანკში გაანაღდა.