არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნების თარიღის შეცვლას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო მიმართვა გავრცელდა, სადაც ისინი უცხოეთში მცხოვრებთათვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას პირველ ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს მიცემას ითხოვენ.
მიმართვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილისადმი უკვე გაგზავნილია. მასში არასამთავრობოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით წამოიჭრა.
"ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–14 მუხლის 1–ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის ("გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონთ დადგენილი გარკვეული მოთხოვნის შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები") საფუძველზე, გამოავლინოთ კეთილი ნება და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და მისცეთ შესაძლებლობა, რათა მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს - უქმე დღეს", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები არიან. კერძოდ, ლელა გაფრინდაშვილი, ლია მუხაშავრია, ნანა კაკაბაძე, ლევან ჩიკვაიძე, ლაშა ტუღუში, რამაზ საყვარელიძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები.