სიის მიღმა დარჩენილი კერვალიშვილი ძველ საქმეებს გააგრძელებს

სიის მიღმა დარჩენილი კერვალიშვილი ძველ საქმეებს გააგრძელებს

პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ირწმუნება, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რა თანამდებობაზე იქნება. საარჩევნო სიის მიღმა დარჩენილი კერვალიშვილი ამბობს, რომ სიაში არმოხვედრა არ ნიშნავს, რომ იქ არ არის სადაც უფრო საჭირო საქმეს აკეთებს.

 From.ge  პარლამენტის ვიცე–სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს ესაუბრა:

 თქვენ ნაციონალური მოძრაობის  საარჩევნო სიაში ვერ მოხვდით. რაიმე თანამდებობა ხომ არ შემოგთავაზეს?

- ჯერ ჩვენთან  ტრანსპარატული და გამჭვირვალე არჩევნებია, რომელშიც ყველა მონაწილეობს.

თქვენ ახლა ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებით?

-რა თქმა უნდა. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ  ქვეყანაში  გამჭვირვალე და მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, რომლითაც ჩვენი საზოგადოება კმაყოფილი იქნება.

ნაციონალური მოძრაობის სიაში რომ ვერ მოხვდით გული არ დაგწყდათ?

-ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია თუ რა იქნება მეტი სარგებელი ხალხისთვის. რაც იქნება უფრო მეტი სარგებელი ხალხისთვის იმის გაკეთება არის ჩემი პირადი ამოცანა.

თქვენ რომ არ მოხვდით სიაში, ამით ხალხს მეტი სარგებელი ექნება?

-იცით რა, სიაში არმოხვედრა არ ნიშნავს, რომ არ ვარ იქ სადაც უფრო საჭირო საქმეს ვაკეთებ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თუ რა იქნება უფრო მეტი სარგებელის მომტანი მოსახლეობისთვის.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას არ გთავაზობენ?

-ამას ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ნამდვილად მნიშვნელობა არა აქვს. უფრო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები.

პარლამენტის მიღმა დარჩენილი რას გააკეთებთ?

-იგივეს, რასაც ახლა ვაკეთებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებების დაცვა და ამავე დროს ყველა ის საკითხი, რაზეც ვმუშაობდი.

რამ განაპირობა ის რომ სიაში არ მოხვდით? ეს ფაქტი როგორ აგიხსნეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა?

-ჩვენი გუნდი, ისევე როგორც ზოგადად სხვა გუნდი გადაწყვეტილებას იღებს თავის შეხედულებებიდან გამომდინარე. ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საქმისადმი და პრინციპებისადმი ერთგულება, რომელიც გუნდს აქვს. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რა ადგილზეა.

ამბობენ იმასაც, რომ თქვენი რეიტინგი გაზომეს და დაბალი რეიტინგის გამო არ შეგიყვანეს სიაში?

-ესეც შესაძლებელია.  ეს ხალხის გადასაწყვეტია. მე ძალიან მიხარია თუკი ყველა გადაწყვეტილება  მიღებული იქნება ისე, თუ რა არის ხალხისთვის უფრო საინტერესო.