მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი ახალ სიმღერებზე მუშაობს. მას შემდეგ რაც, 12-წლიანი პაუზის მერე ჩარკვიანმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტი გამართა, მომღერალი მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა.
"სამი ახალი სიმღერა მაქვს. ერთი ჩემს გარდაცვლილ მეგობარს მივუძღვენი და მეორე მეომრებს. მინდა დაახლოებით 2 კვირაში მოვრჩე მათზე მუშაობას. რაც შეეხება პრემიერას, არ ვიცი, ჯერ ინტერნეტში დავდებ და მერე თუ ტელევიზიაში მიმიწვიეს, იქ გავაცნობ ფართო საზოგადოებას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩარკვიანმა.
მამუკა ჩარკვიანს მუსიკალური განათლება არ აქვს, თუმცა პირველი სიმღერა მე-6 კლასში დაწერა. უფრო მოგვიანებით როკ-ჯგუფიც შექმნა. რაც შეეხება ლექსის წერას, ერთხელ სცადა და ამაზე მეორედ აღარაფერი უფიქრია. "მამამ მითხრა, ოჯახს ერთი პოეტიც ეყოფაო", - ამბობს ჩარკვიანი.